8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, რომელზეც საქართველოს შესახებ რეზოლუცია განიხილეს.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კი მოკლე მოხსენებით წარდგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვერა იუროვა. მან საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს. ევროკავშირი კი მას ყურადღებით დააკვირდება. მისი თქმით, არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის ერთგვარი ტესტი იქნება.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროპარლამენტარებმა მმართველი გუნდი „ქართული ოცნება“ გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, საქართველოს მთავრობის „უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის“ გამო ამ ეტაპზე ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერებულია. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია იქნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დემოკრატიის გზასა და ევროკავშირის ღირებულებებს დაუბრუნდება.
ვიცეპრეზიდენტი იმ კანონებსაც შეეხო, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას აზიანებს, მათ შორისაა: ე.წ. „უცხოური გავლენისა“ და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ კანონები. მან ასევე გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს. მისი თქმით, ეს ავტორიტარული რეჟიმების ტაქტიკას ჰგავს.
ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხი უკვე მრავალი წელია ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების ერთგულია, თუმცა საქართველოს მთავრობა, სამწუხაროდ, საპირისპიროდ მოქმედებს.
„კანონები, რომლებიც აფერხებს ან ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, ავიწროებს უმცირესობებს, მათ შორის ლგბტქ თემს, არის ნაბიჯები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებას. ევროპული ინსტიტუტები, ევროკავშირის წევრები საქართველოს ძლიერი მხარდამჭერები არიან, მიანიჭეს რა მას კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით, მაგრამ ეს არ არის შეუქცევადი გზა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ამ მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მუშაობს”, – განაცხადა სვენ მიქსერმა.
მარკეტა გრეგოროვას თქმით, „ქართული ოცნების“ ქმედებები, შემოთავაზებული და მიღებული კანონების სერია იმის დამადასტურებელია, რომ ამჟამინდელ მთავრობას ევროპული მომავლის ინტერესი არ გააჩნია.
„ის თავის პოლიტიკას ცვლის, რათა უფრო მჭიდროდ იყოს რუსეთთან, კანონებს კი იმისთვის იყენებს, რომ „მილსადენი“ იყოს რუსი ოლიგარქებისთვის. მე ევროპული ინსტიტუტების ნაწილი ვარ. ჩვენ უბრალოდ მაყურებლები არ ვართ, ჩვენ ჩართულები ვართ. ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია დავუშვით და გაუქმებაც შეგვიძლია. ინდივიდუალური სანქციები გადავდეთ იმ იმედით, რომ საქართველოს მისი ოკუპანტისთვის – რუსეთისთვის – არ დავკარგავდით, მაგრამ ვკარგავთ. დიახ, არ შეგვიძლია, ბრძოლას გავუძღვეთ. ჩვენ პუტინი და მუდამ ყველგან ჩამრევი კრემლი არ ვართ, ეს ქართველი ხალხისა და პოლიტიკოსების საქმეა – ბრძოლას ისინი უნდა გაუძღვნენ. ჩვენ შეგვიძლია მათი დახმარება ბრძოლაში. შეგვიძლია უფრო რთული გავხადოთ რუსეთისთვის გამარჯვება. რამდენი მაგალითი გვაქვს, როდესაც ევროპამ ძალიან დააგვიანა, შეგვიძლია, ერთხელ მაინც დროულები ვიყოთ?” – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.
ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებზე ასევე გამოვიდნენ ის პარლამენტარებიც, რომლებიც ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარს არ უჭერენ. მათი განაცხადებით, ევროკავშირი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ერევა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
„ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ვკარნახობთ რაღაცებს. საქართველომ მიიღო კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ექსტრემისტულ იდეოლოგიას. სლოვაკეთს ტრადიციული საზოგადოება ჰყავს, ისევე, როგორც ეს საქართველოშია. ჩვენ არ გვინდა, 67 სხვადასხვა სქესის ადამიანები გვყავდეს. ოჯახი არის დედა, მამა და შვილები. ამიტომ მე მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს. შეხედეთ ამერიკულ ნეოლიბერალურ ფონდებს, რომლებიც დიდძალ თანხას ხარჯავენ იმ მთავრობების ჩამოსაგდებად, რომლებიც არ მოსწონთ. რუსეთი თუ იმავეს გააკეთებს, ყველა ხმამაღლა დაიწყებს ყვირილს. ეს აზრს მოკლებულია. თქვენ გეზიზღებათ საქართველო, რადგანაც მას სურს პრაგმატული ურთიერთობა რუსეთთან, საქართველოს სურს დიალოგი და მშვიდობა. ჩვენც ეს გვინდა სლოვაკეთში. სწორედ ამიტომ ესროლა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს ექსტრემისტმა“, – განაცხადა სლოვაკმა ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლახამ.
ესპანელი ევროპარლამენტარის ნაჩო სანჩესის აზრით, რეზოლუციის წინასაარჩევნოდ განხილვა და მიღება ანტიევროპულ ძალებს საბაბს აძლევს, ევროკავშირი არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულონ.
„პოლიტიკა არ არის მხოლოდ შინაარსი, არამედ არის დროც, ანუ როდის ხდება ეს ყველაფერი. ეს და წინა რეზოლუციაც, რომელიც ეხება მოლდოვას, განიხილება ამ ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ეს არ არის შესაფერისი დრო და შეიძლება კონტრპროდუქტიულიც იყოს. ევროპარლამენტი ყოველთვის იკავებდა თავს იმ ქვეყნებზე მოსაზრებების გამოთქმისგან, რომლებშიც არჩევნები უნდა ჩატარდეს, რათა ევროპარლამენტი არ დაედანაშაულებინათ არჩევნებში ჩარევაში. ამ რეზოლუციას, რომელიც შეიცავს ისეთ პუნქტებს, რომლებსაც ვეთანხმებით, საქართველოს მთავრობა და რუსეთი გამოიყენებენ მტკიცებულებად, რომ ევროპა ერევა საქართველოს არჩევნებში. ეს რეზოლუცია არის საჩუქარი ანტიევროპული ძალებისთვის. როგორც ჩემმა ულტრამემარჯვენე კოლეგებმა თქვეს, ეს არის დებატები დემოკრატიის უკუსვლაზე, მაგრამ ამ რეზოლუციაში 13-ჯერ არის ნახსენები არჩევნები. ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება, ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ საქართველოში და ისინი მიჩნეული იყვნენ ობიექტურ და ნეიტრალურ შემფასებლად. რა ბედი ელით მომლაპარაკებლებს, განიხილავენ კი ამ ქვეყნებში მათ ნეიტრალურებად? მე ეჭვი მეპარება ამაში. ამას ის შემდეგი მოჰყვება, რომ ზიანი მიადგება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის რეპუტაციას, ზიანი მიადგება ჩვენს დამკვირვებლებს და გაჩნდება იმის საფრთხე, რომ არჩევნებში ჩარევაში დაგვდებენ ბრალს. ჩვენ შეგვეძლო, ერთი თვე დავლოდებოდით და მიგვეღო იგივე რეზოლუცია და ამ საფრთხეებს ავირიდებდით“, – ამბობს ნაჩო სანჩესი.
8 ოქტომბერს გამართული დებატების შემდეგ ევროპარლამენტი დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს.