ევროპარლამენტმა „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. მას 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა მისცა 73-მა, 86-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია გმობს საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო თვეებში მიღებულ კანონებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სანამ ეს გადაწყვეტილებები არ გაუქმდება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში პროგრესი არ იქნება. რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილსა და ყველას, ვინც საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზეა პასუხისმგებელი. რეზოლუცია ასევე მოითხოვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის გარშემო გამართულ აქციებზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიებას; საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოლიტიკის გადახედვას. დოკუმენტში საუბარია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლების შესახებაც.
„ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიასა და მის წევრ სახელმწიფოებს:
- გამოიძიონ დემოკრატიული უკუსვლის ის შედეგები, რომლებიც ამ კანონებს აქვთ მათი, როგორც დონორის როლზე საქართველოში და მიაწოდოს შესაძლო გავლენაზე ინფორმაცია მთავრობასა და პარლამენტს; მოუწოდებს, რომ EU-ს ყველა დაფინანსება, რაც გამოყოფილია საქართველოს მთავრობისთვის, გაიყინოს მანამ, სანამ ზემოაღნიშნული არადემოკრატიული კანონები არ გაუქმდება და დაწესდეს მკაცრი პირობები საქართველოს მთავრობისთვის სამომავლო დაფინანსების გაცემაზე;
- გამოხატავს შეშფოთებას სიძულვილისა და დაშინების კლიმატზე, რომელიც გამოწვეულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებებით, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკურ პლურალიზმზე თავდასხმით; გმობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის ლიდერების განცხადებებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვასა და ოპოზიციის „კრიმინალური პოლიტიკური ძალის” მოხსენიებასთან დაკავშირებით; აღნიშნავს, რომ მსგავსი დაშინება სერიოზულად უთხრის ძირს პოლიტიკურ პროცესსა და გამოხატვის თავისუფლებას.
- მოუწოდებს საფუძვლიანად გამოიძიოს პოლიციის სისასტიკე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს, საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ;
- ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომისიას, დროულად შეაფასოს, თუ როგორ გავლენას ახდენს საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, კერძოდ, ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმზე, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია, კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, გენდერული კვოტების გაუქმება და სხვა ცვლილებების მიღება საარჩევნო კანონმდებლობაში”, – წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.