„ჰელენის“ ქარის სიჩქარე 21კმ/სთ-ია. ქარიშხალმა ფლორიდაში უკვე გამოიწვია წყალდიდობა და ახლა ის ჯორჯიის, ვირჯინიისა და ტენესის შტატებს უახლოვდება. აქამდე მსგავსი სიმძლავრის ქარიშხლები 130 წელიწადში ერთხელ იყო მოსალოდნელი, თუმცა თანამედროვე კლიმატურ პირობებში მოლოდინის დრო თითქმის 2.5-ჯერ შემცირდა.
ორი კვირის წინ ფლორიდის სანაპიროებს ქარიშხალი „მილტონიც“ მიუახლოვდა. თუმცა მეცნიერთა განცხადებით, ქარიშხალი „ჰელენი” უფრო მძლავრია, რადგან ნალექის რაოდენობა დაახლოებით 10%-ით , ხოლო ქარის სიმძლავრე – 11%-ით გაიზარდა.
„კლიმატის ცვლილებამ ქარიშხალ „ჰელენზე” გავლენა მოახდინა, რამაც იგი მრავალი თვალსაზრისით უფრო დამანგრეველი გახადა. ქარიშხალმა როგორც სანაპირო ზონაში, ასევე უფრო შორს, ჩრდილო დასავლეთ კაროლინამდეც ჩააღწია. როგორც იცით, 2 კვირის წინ ამერიკას ქარიშხალი „მილტონი” დაატყდა თავს. ამ ორი ქარიშხლის ასე ახლო-ახლო მოვარდნა ნამდვილად ნიშანია იმისა, თუ რა კატასტროფა შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში კლიმატის ცვლილების გამო“, – ამბობს ბენ კლარკი, კლიმატის მკვლევარი ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში.
ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატური კრიზისის შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კლიმატური კატასტროფებია მოსალოდნელი. ექსპერტების თქმით, თუ ქვეყნები გლობალური დათბობის პრევენციაზე არ იმუშავებენ, ქარიშხლის შემთხვევები მხოლოდ გაიზრდება.
„გლობალური დათბობის გამო სიტუაცია ყოველწლიურად უარესდება. ადამიანები უნდა გამოვფხიზლდეთ და გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი გარემოსა და კლიმატის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საგანგებო სიტუაციისთვის. თუ ასე არ მოვიქცევით, უნდა გვახსოვდეს, რომ 10 ან 20 წლის განმავლობაში სიტუაცია უფრო გაუარესდება, ბევრად უფრო ძლიერი და დამანგრეველი ბუნებრივი კატაკლიზმები დაგვატყდება თავს“, – ამბობს კიმ კობი, „ბრაუნის ინსტიტუტის” გარემოსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი.
მეტეოროლოგების შეფასებით, „ჰელენმა” უპრეცედენტო რაოდენობის, 40 ტრილიონ გალონზე მეტი, წვიმა მოიყვანა რეგიონში.
ქარიშხალმა „ჰელენმა” მილიონობით ადამიანი დატოვა ელექტროენერგიის, ფიჭური სერვისისა და მარაგების გარეშე. დაღუპულია 230-ზე მეტი ადამიანი. სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ ცხედრების ძებნას. 2005 წლის „კატრინას” ქარიშხლის შემდეგ, „ჰელენი” იყო ყველაზე მომაკვდინებელი ქარიშხალი, რომელიც თავს დაატყდა აშშ-ს.
კლიმატური კატასტროფების თავიდან აცილების საკითხზე მუშაობა მეცნიერებისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა უკვე დაიწყო.