„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა. მონიტორინგის ანგარიში მოიცავს 27 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით წინასაარჩევნო პერიოდს. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ კვლავ აქტიურად ვრცელდებოდა ანტიდასავლური და ევროსკეპტიკური კამპანია, ასევე ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.
მათივე თქმით, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის ამოქმედების პარალელურად გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო გზავნილები მმართველი პარტიის მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიაში. უფრო კონკრეტულად კი, მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოსახულებები შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ კონტექსტში იყო გამოყენებული. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლების არაერთი მოთხოვნა დამატებითი უბნების შექმნაზე.