ალბანეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებია. ორშაბათს ღამით დემონსტრანტები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
აქციებზე, რომლის ორგანიზატორიც მთავარი ოპოზიციური გაერთიანება – დემოკრატიული პარტიაა, ხელისუფლების გადადგომასა და 2025 წლამდე ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვენ.
სწორედ ეს პარტია იყო ხელისუფლებაში ალბანეთში 2013 წლამდე.
დემოკრატიული პარტია დიდი ხანია, რაც ალბანეთის პრემიერ-მინისტრს, ედის რამასა და მის თანაპარტიელებს კორუფციაში, საარჩევნო მანიპულაციებსა და სასამართლო ხელისუფლების მიტაცებაში ადანაშაულებს.
საპროტესტო მუხტი გაამძაფრა დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი წევრის, ერვინ სალიანჯის გასამართლებამ.
2018 წელს ერვინ სალიანჯიმ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მიუთხობა მისი ძმის უკანონო საქმიანობის გამო, თუმცა გამოძიებამ არ დაადასტურა ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებები და მას ცილისწამებისთვის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მოგვიანებით სალიანჯიმ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
დემოკრატიული პარტია 2013 წლის შემდეგ ხშირად მართავს საპროტესტო აქციებს ხელისუფლების წინააღმდეგ. პარტიის ერთ-ერთ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სალი ბერიშას კორუფციის ბრალდებით შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. ტირანაში ჩატარებულ აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი ბერიშას გათავისუფლებასა და „დიქტატურის“ დამხობას ითხოვდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. მათ მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, რის გამოც ათი პოლიციელი დაშავდა.
მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს სოციალისტური პარტიის მთავარ ოფისს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქალაქის მერიის შენობასაც. დაპირისპირების პროცესში სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რამდენიმე მოქალაქეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
დაძაბულობის განსამუხტად, დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა, ფლამურ ნოკამ აქციის მონაწილეებს სახლში დაბრუნება სთხოვა და დაპირდა, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გაგრძელდება.
მომხდარის შესახებ განცხადებები უკვე გააკეთეს აშშ-ისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებმა. მათ ურჩიეს დემოკრატიულ პარტიას მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლონ, რადგან მათი თქმით, ძალადობა ალბანეთს ევროკავშირში გაწევრიანებაში ვერ დაეხმარება.
ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2020 წელს გაიხსნა და ოქტომბრის ბოლოს იგეგმება დისკუსიის დაწყება იმაზე, თუ როგორ მოიყვანს ტირანა საკუთარ კანონმდებლობასა და კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმებს ევროკავშირთან შესაბამისობაში.