მთავარიგადაცემებიპრიზმაწინანდალში გამართული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმის ამბავი

წინანდალში გამართული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმის ამბავი

თეთრი, წითელი, მშრალი, ნახევრად ტკბილი, ქართული, ევროპული თუ ჩინური – წინანდლის მამულში ღვინის ყველაზე პრესტიჟულ სიმპოზიუმს უმასპინძლეს. 4 და 5 ოქტომბერს წინანდალში შეიკრიბნენ სომელიეები, ღვინის ექსპერტები და ენთუზიასტები, ჟურნალისტები და ღვინის ყველაზე ცნობილი პროფესიონალები. თუმცა ისინი აქ პირველად არ არიან… შვეიცარიული ასოციაცია Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმი წინანდლის მამულში უკვე მეორედ გაიმართა. შარშანდელი ბორდოს შემდეგ სტუმრებმა წელს ბურგუნდიული ღვინო დააგემოვნეს და შეაფასეს. უკვე ტრადიციად დამკვიდრებულ სიმპოზიუმზე ბურგუნდიულ ღვინოსთან ერთად საპატიო ადგილს იკავებდა ქართული ღვინო – კერძოდ, საფერავი და ქვევრის ღვინოები. წლევანდელი სიმპოზიუმი განსაკუთრებული დატვირთვის იყო. სიმპოზიუმის ისტორიაში პირველად იყო შესაძლებელი რამდენიმე საუკეთესო ჩინური ღვინის დეგუსტაცია.

„საქართველოში საერთაშორისო ჟიური არის ჩამოსული, სერიოზული ექსპერტები არიან. ჩინური ღვინოების დეგუსტაცია პირველად წინანდალში შედგა – ეს არის აბრეშუმის გზის გაცოცხლება, ღვინის კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. რაც შეეხება შიდა ტურიზმს, წინანდალში ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვიდა, ადგილები სრულად შევსებულია და კიდევ ბევრს სურს ამ ღონისძიებაზე მოხვედრა. მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვა კუთხეებშიც ჩატარდება და ეს გამოიწვევს პოპულარიზაციას“, – ამბობს გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი.

სიმპოზიუმის გახსნის დღეს წინანდალში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს ღვინის სიმპოზიუმის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე, ასევე ევროპისა და აზიის დაახლოების გზასა და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლსა და ქართულ ღვინოზე.

„უკვე მეორე წელია, რაც წინანდლის მამულში თანამშრომლობის შედეგად ღვინის სიმპოზიუმი იმართება. ეს წელი უმნიშვნელოვანესია, რადგან აქამდე არასდროს გაგვისინჯავს ღვინო ჩინეთიდან და სწორედ წინანდალში გვაქვს ამის შესაძლებლობა. ქართულ ღვინოს რაც შეეხება, ის ჩვენთვის ახალი არ არის, თუმცა ყოველ ჯერზე სასიამოვნოდ გვაკვირვებს“, – განაცხადა ლორან ვიალეტიმ, Grand Jury Du Vin-ის პრეზიდენტმა.

„ამ წუთებში პროფესიონალი დეგუსტატორები სხვადასხვა ღვინოს აფასებენ, მეც მათ შორის ვარ და ჩემთვის ქართული ღვინო სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა, თეთრიც და წითელიც. სიმპოზიუმზე სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ღვინო სხვადასხვა ქვეყნიდან, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა“, – ამბობს ჟერომ პრინცი, Wine Brokers Of France & Burgundy-ის პრეზიდენტი.

სტუმრები, რომლებიც წინანდლის მამულში უკვე მეორედ ესწრებოდნენ ღვინის სიმპოზიუმს, განსაკუთრებული ემოციებით საუბრობდნენ ქართულ ღვინოზე. ზოგიერთი მათგანი სიმპოზიუმამდეც იცნობდა ქართულ ღვინოს, ზოგმა კი სწორედ წინანდალში დააგემოვნა პირველად. ამბობდნენ, რომ ქართულ ღვინოს განსაკუთრებული ადგილი აქვს როგორც მათ გულებში, ისე მსოფლიოში და აუცილებელია მისი პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

„ამაზე უფრო დიდი ღონისძიების მოწყობა საქართველოში მაღალხარისხიანი ღვინის ტურიზმის განსავითარებლად შეუძლებელია. ბურგუნდიული და ბორდოს ტიპის ღვინოების საერთაშორისო ჟიურის მიერ წინანდალში შეფასება იმავე დონის ღონისძიებაა, რაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საქართველოში, დინამოს სტადიონზე, ჩატარება იქნებოდა“, – განაცხადა გიორგი ხარაბაძემ, „წინანდლის მამულის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

„მეორე წელია, საქართველოში, კერძოდ, წინანდალში იმართება მსოფლიოში ყველაზე ელიტარული და პრესტიჟული დეგუსტაცია „გრანდ ჟიურის“ ეგიდით. ჩვენ შანსი გვაქვს, რომ წამყვანმა ექსპერტებმა მსოფლიოში ცნობილ ღვინოებთან ერთად დააგემოვნონ ქართული ღვინოები და შეაფასონ. ეს ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამასთან, ქვეყანაში ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა და ამაღლების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია.  მიმდინარე წელს საინტერესო ფორმატით გვაქვს დეგუსტაცია. საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ბურგუნდიულ ღვინოსა და მეორე მხრივ, ჩინურ ღვინოს აგემოვნებენ. ჟიურის შემადგენლობაში არიან ჩინელი ექსპერტები. ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესია. ჩინეთის ბაზარი არის მზარდი და პრესტიჟული ღვინის მწარმოებელი ბევრი ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც ერთ-ერთი საინტერესო საექსპორტო მიმართულებაა”, – ამბობს ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.

1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟული ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში, მასპინძლობდა.  2023 წელს „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივითა და „საქართველოს ბანკთან” პარტნიორობით ღვინის სიმპოზიუმი პირველად გაიმართა წინანდლის მამულში და უკვე ყოველწლიურ ტრადიციად დამკვიდრდა.

„ღვინო საქართველოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს კულტურის განუყოფელი ნაწილია, ფესვებთან შეხებაა. ამასთან, ძალიან სასიამოვნო ინდუსტრიაა, ასოცირდება კარგი დროის ტარებასა და სიამოვნებასთან. ეს მხოლოდ თრობა არ არის, ეს სხვადასხვა გემო და მაღალხარისხიანი ღვინის შედარების შესაძლებლობაა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საუკეთესო ხარისხის ღვინოების შედარება და დეგუსტაცია წინანდალში ხდება. მგონია, რომ ეს ქართველი მეღვინეობისთვის შეუდარებელი შესაძლებლობაა”, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, „საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად წინანდლის მამულში, „სილქ როუდ ჯგუფის” ინიციატივით, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყო, სადაც ქართველ და უცხოელ სტუმრებს ადგილობრივი წარმოების ღვინის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.

„გარდა იმისა, რომ შეგვიძლია ჩვენი ღვინის წარმოდგენა, ასევე ვაკვირდებით მაღალხარისხიან ღვინოებს, როგორც ადგილობრივს, ასევე უცხოურს. ის სემინარები კი, რომლებიც ღვინის სიმპოზიუმის ფარგლებში ტარდება, ძალიან საინტერესოა“, – ამბობს ანი ზურაბაშვილი, ქართული ღვინის ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი.

„ვეცნობით დისტრიბუტორებს, ღვინის მოყვარულებს. ვხვდებით ვაჭრობის სფეროში ჩართულ ადამიანებს და ჩვენს პროდუქციას ღვინის მოყვარულებს ვაცნობთ“, – ამბობს ილიკო კილაძე, ქართული ღვინის ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი.

„ამ მასშტაბისა და დონის ღონისძიებები საქართველოში ძალიან იშვიათია. ჩვენ ჩვენი თავის წარდგენის გარდა შესაძლებლობა გვაქვს, გავსინჯოთ ღვინო სხვადასხვა ქვეყნიდან“, – ამბობს გიორგი დეკანოზიშვილი, ქართული ღვინის ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი.

Grand Jury Du Vin-ის ღვინის წლევანდელი სიმპოზიუმი ნამდვილ ზეიმად იქცა  წინანდალში, ღვინის ღირსეულ ზეიმად, კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და სუხიშვილების  შესანიშნავი წარმოდგენის თანხლებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend