იტალიური კუნძული, სადაც მუდამ ქარი ქრის, მწვანე ელექტროენერგიის წარმოების ძირითადი ცენტრია. თუმცა კუნძულის მოსახლეობა შიშობს, რომ ქარის ელექტროსადგურების ცუდი დაგეგმარება და არასრულფასოვანი რეგულირება მათ მშობლიურ კუნძულს ევროპის განახლებადი ენერგოსექტორის ველურ დასავლეთად გადააქცევს.
სარდინიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პორტოსკუზოს სამრეწველო რეგიონში ქარის ორმოცი ტურბინისგან განცალკევებით თბოელექტროსადგურის კოშკურა დგას. იგი ერთ-ერთია სარდინიის სამი თბოსადგურიდან, რომლებიც ქვანახშირს ან ნავთობის ნარჩენებს იყენებენ საწვავად, რათა ამ რეგიონის ელექტრომომარაგების 75 პროცენტი აწარმოონ.
სარდინიაზე მრავალგან შეხვდებით იმ მიზნის სიმბოლო, რომელიც ევროპამ საკუთარ თავს დაუსახა. ესაა წიაღისეულ საწვავზე უარი და განახლებადი ენერგიების განვითარება. წარსულისა და მომავლის ეს სიმბოლოები ყველგან შეგხვდებათ. რაც შეეხება აწმყოს, ენერგიის გარდამავალ პერიოდზე გადასვლას უზარმაზარი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
პენსიაზე გასული ფსიქოლოგი ჯანკარლო ბალისაი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი იმ კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც ენერგიით სპეკულაციის წინააღმდეგ შეიქმნა. მას თავის მიწაზე მივყავართ პორტოსკუზოზე, რომელსაც ნაწილობრივი ექსპროპრიაციაც უკვე შეეხო იტალიის ყველაზე დიდი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის დროს, რომელიც 2011 წელს დასრულდა.
“ამ არემარეში, 213 ჰექტარზე, იგეგმება მზის ელექტროსადგურის პანელების დადგმა,“ – ამბობს ჯანკარლო ბალისაი, „ნურაქსი ფიგუს ენერგეტიკის სპეკულაციის საწინააღმდეგო კომიტეტის (Nuraxi Figus Committee against energy speculation) წევრი. „აი, იქ კიდევ ერთი ასეთი პროექტი 37 ჰექტარზეა გათვლილი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ენერგეტიკის გარდამავალი ეტაპი დარეგულირდეს და დაცული იყოს მოსახლეობისა და მიწის მესაკუთრეთა უფლებები, ასევე მიეცეთ ეკონომიკური სარგებელი“.
ჩვენ მეზობელი მუნიციპალიტეტისკენ ნურაქსი ფიგუსკენ გავემართეთ „ნურაქსი ფიგუს ენერგეტიკის სპეკულაციის საწინააღმდეგო კომიტეტის“ (Nuraxi Figus Committee against energy speculation) კიდევ ერთ წევრთან ვენანციო მელისთან შესახვედრად. ამ კაცის საოჯახო ბიზნესი შესაძლოა ექსპროპრიაციაში მოჰყვეს. მის ადგილზე იგეგმება დიდი ქვესადგურის აშენება, რომელიც ქარისა და მზის ელსადგურებში წარმოებულ ელექტროენერგიას მიიღებს.
„ამ ადგილას 12 პროექტია დაგეგმილი. თითოეული 1200 ნაკვეთის ექსპროპრიაციას მოითხოვს. სრული კატასტროფაა. ბევრმა ეს ამბავი არც კი იცის, წარმოდგენა არ აქვთ,“ – წუხს ვენანციო მელისი.
ვენანციო ამბობს, რომ ამ მიწის გარეშე მისი ოჯახის სარჩო-საბადებელს საფრთხე ემუქრება:
„ეს მიწა აქ შემორჩენილი ერთადერთი ოაზისია, რომელიც უკვე გაანადგურა და დააბინძურა სხვა ინდუსტრიამ. ექსპროპრიაციაში სასაცილო თანხას იხდიან, რომელიც ერთ კვადრატულ მეტრზე 58 ევროცენტიდან იწყება და 2 ევრომდე ადის. არ ვიცი, ვისაც აქედან აყრიან, როგორც იცხოვრებენ“.
განახლებადი ენერგიების პროექტებისთვის ვარგისი ადგილების შესახებ კანონი 3 წლით შეფერხდა და აქ შემოსვლის მსურველი მულტინაციონალური კომპანიების მხრიდან მოთხოვნა ელვის სისწრაფით გაიზარდა. სარდინიამ 800 მოთხოვნა მიიღო, რომელთაც საერთო ჯამში 56 გიგავოლტის სიმძლავრის წარმოება შეუძლიათ. წესით, სარდინიამ 2030 წლისთვის 6.2 გიგავოლტი უნდა აწარმოოს, ევროპის მიერ 2050 წლისთვის დაგეგმილ კლიმატნეიტრალობას რომ მიაღწიოს.
მაინც რა მოცულობის განახლებადი ელექტროენერგია სჭირდება სინამდვილეში სარდინიას? წარდგენილი მოთხოვნებიდან რამდენი უნდა დაკმაყოფილდეს? ამ კითხვებით იტალიის ელექტროსისტემის წამყვან ექსპერტებს მივმართე კალიარის უნივერსიტეტში.
ფაბრიციო პილო, ელექტროსისტემების სრული პროფესორი, კალიარის უნივერსიტეტის ტერიტორიებისა და ინოვაციების მიმართულების ვიცე-რექტორი:
„ობიექტური რომ ვიყოთ, ჩვენთან უზარმაზარი მოთხოვნაა იმ მარშრუტების ავტორიზაციისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების საწყის ფაზაშია. ჭარბი ინფრასტრუქტურის საკითხი არ დგას“.
პილოს თქმით, საბოლოო ჯამში სარდინიაზე 10 გიგავატზე მეტ განახლებად ელექტროენერგიას არ აწარმოებენ. მისი მთავარი მომხმარებელი კი ეს რეგიონი იქნება, როდესაც აქ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულ თბოსადგურებს დახურავენ.
„ეს ექვსი გიგავატი, რომელიც ზოგიერთი გათვლის მიხედვით, 2050 წლისთვის 10 გახდება, ყველაზე დიდი რიცხვია, რაც კი შესაძლოა არსებობდეს,“ – განმარტავს ფაბრიციო პილო. „ამ 10 გიგავატიდან ორს უკვე აწარმოებენ. ეს მთლიანი მოცულობა სრულად დააკმაყოფილებს ელექტროენერგიის ახალ მოთხოვნას, როდესაც ენერგეტიკული გარდამავალი პერიოდი დასრულდება“.
თუკი რვაას აპლიკაციაზე მეტი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, სად წავლენ ისინი? და ამას ვინ გადაწყვეტს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პოლიტიკურ საკითხად იქცა.
რეგიონის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ივლისის შემდეგ ყველა განაცხადის ავტორიზაცია მორატორიუმით დაბლოკა, რაც მთავრობას არ მოეწონა.
“ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ეს ავტორიზაციის დიდი მოთხოვნა შეგვეჩერებინა, რათა დრო მოგვეგო და შეგვექმნა რეგიონული კანონი, რომელიც განსაზღვრავდა, რომელია ამ პროექტებისთვის შესაფერისი ადგილი, რომელი შეუფერებელი, რომელი ჩვეულებრივი და რომელი – ნაკრძალი“, – გვიხსნის ალესანდრა ტოდე, სარდინიის ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტი.
პრეზიდენტი ტოდე გეგმავს, რომ მორატორიუმის დროს შეიმუშაოს ენერგოგეგმა და შექმნას ადგილობრივი ენერგოკომპანია.
“რაკი ელექტროენერგიის წარმოების პერსპექტივა გვაქვს, მწარმოებელს ფასის დადგენაც შეუძლია,“ – ამბობს პრეზიდენტი. „სარდინიას აქვს შანსი, რომ უფრო აქტიურად თქვას თავისი სიტყვა და არ დაზარალდეს მისი მენეჯმენტი და ენერგოსექტორი მესამე მხარის გამო“.
სანამ რეგიონული ენერგოგეგმა შედგება და მშენებლობისთვის ვარგისი ადგილები განისაზღვრება, ორმოც პროექტს უკვე მისცეს თანხმობა და მორატორიუმი ვეღარ შეეხებათ. ერთი მათგანი ვილაჩიდროს მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
ვილაჩიდროს ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა 16-წლიანი ბიუროკრატიული პროცესის გავლის შემდეგ დაიწყო, როდესაც სამი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ მწვანე შუქი აუნთო. მიუხედავად ამისა, ამ პროექტს დიდი წინააღმდეგობა ხვდება.
მექანიკური ინჟინერი ანტონიო მუსკასი ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო კომიტეტის “SU ENTU NOSTU”-ის წევრია. იგი დარწმუნებულია, რომ მულტინაციონალური კომპანიები ადგილობრივებს მხოლოდ ნამცეცებს უტოვებენ, რადგან ამის საშუალებას სახელმწიფო კანონები აძლევთ
“საკომპენსაციოს ფულით არ იხდიან, სამუშაოებში ქვითავენ, რაც შეიძლება იყოს, მაგალითად, ველობილიკების გაყვანა,“ – განმარტავს ანტონიო მუსკასი. „თუმცა ეს არის მხოლოდ ნებაყოფლობითი კომპენსაცია, რომელიც ამ საწარმოების შემოსავლების 3 პროცენტსაც არ აჭარბებს“.
ანტონიოს აზრით, ენერგეტიკის გარდამავალი პროცესი სამართლიანად რომ წარიმართოს, იტალიის მთელი ენერგეტიკული ბაზარი უნდა შეიცვალოს.
“ელექტროენერგიის წარმოება არ უნდა დარჩეს კერძო პირის ხელში. სახელმწიფო ისევ უნდა ჩაერიოს, რადგან ელექტროსადგურების რაოდენობა და სიმძლავრე ჩვენი საჭიროების მიხედვით უნდა გაითვალოს“, – ამბობს ანტონიო.
მულტინაციონალური კომპანიები სარდინიის ზღვასაც უმიზნებენ. ოფშორულ ზონებში რეგიონი ვერაფერს წყვეტს, ეს მთავრობის კომპეტენციაა. არადა, ეროვნული საზღვაო გეგმა ჯერ არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ პროექტებს ისე აფასებენ, რომ მკაფიოდ არ ჩანს, თუ სად და როგორ უნდა განთავსდეს ელექტროსადგურები.
20-ზე მეტი ოფშორული ქარის ელსადგურის პროექტია წარდგენილი სარდინიაში. აქედან ექვსი შესაძლოა სან პიეტროს კუნძულის სანაპირო წყლებში, განთავსდეს, სადაც თინუსი ცურავს და ელეონორას შევარდენი დაფრინავს.
იქნუსას ქარის ელსადგურის შეფასების პროცესი დასრულებულია და პროექტი უკვე დაწინაურდა. მის უკან კომპანია ENI-იც დგას, რომელიც ნაწილობრივ სახელმწიფოს ეკუთვნის. აქაური მოსახლეობა ამ პროექტის სასტიკი წინააღმდეგია.
“ეს ელსადგური 42 მეგავატის სიმძლავრის მქონე ქარის ტურბინებისგან შედგება, რომელთა ყველაზე მაღალი წერტილი 285 მეტრზეა,“ – გვიხსნის სალვატორე ობინო, “No energy Speculation Carloforte”-ის თავმჯდომარე. „ეს ყველაფერი 30 კილომეტრის სიგანისა და 10 კილომეტრის სიმაღლის მქონე კუნძულს ქმნის, რომელიც დამანგრეველ და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ზღვის ეკოსისტემას“.
კარლოფორტეს ადმინისტრაციამ უარყოფითი შეფასება გაუგზავნა მთავრობას გარემოს დაცვის კუთხით. მათი საჩივარი ჯერჯერობით უყურადღებოდ რჩება.
სტეფანო რომბი, კარლოფორტეს მერი:
„შეუძლებელია დოკუმენტაციის სრულად წაკითხვა, რადგან ზოგიერთი ნაწილი შენიღბულია და გაუგებარია, მაინც რომელი კვლევის საფუძველზე ამბობენ, რომ მავნე გავლენა არ ექნება ან რომ ეს გავლენა ძალიან მცირე იქნება და ხანმოკლე?“
იმ განახლებადი ელსადგურის ექსპლუატაციის ვადა, რომელიც დღეს შენდება 50 წელია. და როგორი იქნება ეს სანაპირო და მიმდებარე ტერიტორიები ამ ვადის გასვლის შემდეგ?
აქ, სარდინიაში, ისევე, როგორც მთელ ევროპაში, მოსახლეობასა და გარემოზე უკვე აისახა წარსულში დაშვებული შეცდომების შედეგი, თუნდაც განახლებადი ენერგორესურსების სახელით დაშვებული შეცდომებისა. ზიანის აღმოფხვრა კი ძვირია და ყოველთვის არც გამოდის.
ავტორი: მონიკა პინა