სადამკვირვებლო კოალიციის – „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგი გამართა და ისაუბრა საარჩევნო დავებზე, ხელისუფლების სასარგებლოდ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ასევე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და სანქცირებულ პირთა საარჩევნო პროცესებში ჩართულობაზე.
თოლორაიამ ანტიკორუფციულ სამსახურს მოუწოდა შეისწავლოს მმართველი პარტიის ფინანსური საქმიანობა და მათი შემომწირველები, რადგან მისი თქმით, გასული წლების მსგავსად, წელსაც აშკარაა სახელისუფლებო პარტიის მსხვილი შემომწირველების კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და პროგრამებთან.
ლონდა თოლორაიას თქმით, ემიგრანტების დიდი ნაწილისთვის კვლავ გამოწვევაა, არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობით შექმნილი უბნების გამო.
მან განაცხადა, რომ სადამკვირვებლო მისია “შენი ხმა” აგრძელებს დამკვირვებლების რეგისტრაციას და ამ ეტაპზე მისი თქმით, რეგისტრირებულია 2250 პირი.
„უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ თავმჯდომარე ორგანიზაციის მიმართ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება არის ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. აქვე, მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ სამსახურს, კონცენტრირდეს რეალურ პრობლემებზე და შეისწავლოს მმართველი პარტიის ფინანსური საქმიანობა და მათი შემომწირველები. როგორც გასულ წლებში, წელსაც აშკარაა სახელისუფლებო პარტიის მსხვილი შემომწირველების კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და პროგრამებთან. პარტია „ქართული ოცნების“ ათობით შემომწირველს, ამავე პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვებიდან და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან 1.2 მილიარდ ლარზე მეტი აქვს მიღებული. ასევე, კოალიციის წევრებმა მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ საეჭვო სქემით განხორციელებული 2 მილიონი ლარის შემოწირულება დააიდენტიფიცირეს. კოალიცია შეშფოთებულია სასამართლოს მიერ საარჩევნო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებებით. კოალიცია ახორციელებს სასამართლო სხდომების მონიტორინგს. ამ ეტაპზე საარჩევნო საკითხებზე მიღებულია 27 სასამართლო გადაწყვეტილება. არც ერთი საქმე არ გადაწყვეტილა მომჩივანი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ”,- განაცხადა, სადამკვირვებლო კოალიციის – „ჩემი ხმა“ წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ.