„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად უკვე მეორედ გაიმართა საქველმოქმედო მარათონი. ლისის ტბაზე გამართულ ამ გარბენში კვლავ აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები, არასამთავრობო და მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ისინი, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებულ ჯარისკაცებს ეხმარებიან.
„ყოველწლიურია ეს მარათონი. აქ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობდნენ ასევე ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამხედრო ატაშეები და სხვადასხვა სამხედრო პერსონალი. ეს ძალიან სასიამოვნოა, რომ ამერიკის, ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა გრძელდება და ხაზი ესმება, თუ როგორ პატივს სცემენ ჩვენს მებრძოლებს. რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, რომ გახსოვდეს შენი მებრძოლები და პატივს სცემდე მათ. ეს გრძელდება და ასე იქნება“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა.
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ატაშე საქართველოში ვიცე-პოლკოვნიკი რეთ კრისტენსენი ამბობს, რომ წლიდან წლამდე საქველმოქმედო გარბენში უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს.
„ძალიან კარგი მხარდამჭერები გვყავს. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია დაჭრილ მებრძოლთა ფონდი და ის დიდი საქმე, რომელსაც ეს ფონდი აკეთებს“, – დასძენს რეთ კრისტენსენი.
მარათონი უკვე ტრადიციად იქცა. ლისის ტბასთან დილიდან უამრავი ხალხი შეიკრიბა. აქ ყველა თაობის წარმომადგენელს ნახავდით. გარბენის შემდეგ საქველმოქმედო მიზნით შეგროვდა შემოწირულებებიც, რომლებიც კომპანია „სილქნეტის“ მიერ 2018 წელს დაფუძნებულ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ ჩაირიცხა. ეს კი, ფონდის მესვეურთა თქმით, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებს მოხმარდება.
საქველმოქმედო მარათონში, რომელიც „სამხედრო ატაშეთა ასოციაციის” ინიციატივით გაიმართა, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაცაა. ამ საკითხზე ყურადღება უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეებმაც გაამახვილეს.
მარათონის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ამ მარათონში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პატივისცემის გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირეს ქვეყნის ინტერესებს.