საქართველოს საპატრიარქო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს კანონი ეფექტიანი იქნება საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის, რადგან მათივე თქმით, ის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციული ღირებულებების დასაცავად.
საპატრიარქოს განცხადებით, ქართული ეკლესია მუდმივად იცავდა ახალგაზრდებს იმ იდეოლოგიისგან, რომელიც მათი მოსაზრებით, ძირს უთხრის ტრადიციულ ოჯახურ სტრუქტურებს.
„LGBTQI პროპაგანდის გავრცელებამ მრავალჯერ შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური განხეთქილება საზოგადოებაში და დაძაბულობის ინსტრუმენტადაც იქცა მათ ხელში, ვინც პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის მოწოდებული“, – წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
საპატრიარქოს განცხადებაში წერია ისიც, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ წინგადადგმული ნაბიჯია.
საქართველოს საპატრიარქო იმედოვნებს, რომ კანონის მიღება ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელ ტრადიციულ ღირებულებებს დაიცავს.