ჰელსინკის კომისია პლატფორმა X-ზე კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას აჯამებს და წერს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთისკენ გადაიხარა და ბოლო დროს არალიბერალური ქმედებებით გამოირჩევა, რაც მათი აზრით, გვერდს უვლის ქართველი ხალხის პროდასავლურ განწყობებს.
“საქართველოს მთავრობის პრორუსული და არალიბერალური ქმედებები სერიოზულად შემაშფოთებელია იმის ფონზე, რომ რუსეთი ცდილობს რეგიონში გავლენის შენარჩუნებას და მთელი სამხრეთ კავკასია ძალიან მნიშვნელოვან და საფრთხილო პოზიციაშია.” – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისია პლატფორმა X-ზე წერს.
ჰელსინკის კომისია სოციალურ მედიაში კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას აჯამებს და წერს, რომ სამხრეთ კავკასია ძალიან რთულ გზაგასაყარზეა. მათივე შეფასებით, სომხეთი, რომელიც ისტორიულად რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა, ახლა მოსკოვს შორდება, ხოლო აზერბაიჯანი ურთიერთობებს აღრმავებს როგორც ნატოს წევრ თურქეთთან, ისე რუსეთთან. ჰელსინკის კომისია წერს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთისკენ გადაიხარა და ბოლო დროს არალიბერალური ქმედებებით გამოირჩევა, რაც მათი აზრით, გვერდს უვლის ქართველი ხალხის პროდასავლურ განწყობებს.
ამგვარი გარდასახვა კომისიის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მისი დასკვნით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს ორმაგი მიდგომა კავკასიის მიმართ, გაზარდოს ანგარიშვალდებულების ზომები დემოკრატიული უკუსვლისთვის და, ამავდროულად, უზრუნველყოს მექანიზმები დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა, ძლიერი ინტეგრაციისთვის”, – წერია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ პოსტში.