მთავარისაქართველორუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს კიდევ ერთი სადავო კანონის მიღებას აიძულებს

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს კიდევ ერთი სადავო კანონის მიღებას აიძულებს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობა რუსეთის მიერ ძლიერი ზეწოლის შედეგად აპირებს, მიიღოს კიდევ ერთი სადავო კანონი, რომელიც რუსების ხელში ე.წ. სასამართლო ხელისუფლების სრულ კონტროლს გამოიწვევს. მორიგ ე.წ. კანონს რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის დადებული ჰარმონიზაციის შეთანხმების ფარგლებში იღებენ, რასაც აფხაზური საზოგადოება ეწინააღმდეგება.

„ეს არის ე.წ. შეთანხმება, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის უკვე 2 წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიდო, ხელი 2022 წლის 29 ივნისს მოეწერა. მას რატიფიკაცია სჭირდებოდა, აფხაზური მხარე ამას ბოლო დრომდე აჭიანურებდა. რას წარმოადგენს ეს ე.წ შეთანხმება: ეს არის „ეკონომიკურ საკითხებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ”. ეს აპარტამენტების თემასთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. პრაქტიკა ადასტურებს, რომ აფხაზეთში რუსებისთვის ინვესტიციების ჩადება, ეკონომიკური საქმიანობა სახიფათოა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვინც იქ ინვესტიცია ჩადო, რაღაც შეიძინა, ყველა, ჟარგონის ენაზე რომ ვთქვა, „გადააგდეს”, დაკარგეს ბიზნესი, ქონება, რომელიც აფხაზეთში შეიძინეს. რადგანაც ასეთი უზარმაზარი აპარტამენტების პროექტი უნდა განხორციელდეს, სადაც მილიარდები ჩაიდება, ე.წ. დოკუმენტი იმის პრევენციას ისახავს მიზნად, რომ ესეც არ დაიკარგოს. თუ მსგავსი რამ მოხდება, ამა თუ იმ საკითხზე ეკონომიკური დავა იქნება, მაშინ რუს ბიზნესმენს შეუძლია, იჩივლოს, სარჩელი რუსეთის სასამართლოში შეიტანოს. აფხაზეთმა იქ მიღებული გადაწყვეტილება უნდა აღიაროს, აღასრულოს და პირიქით. პირიქით რომ არ მოხდება, ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს არის მცოცავი ანექსიის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ნათელი მაგალითია მცოცავი ანექსიისა, როდესაც რუსეთს სურს, სასამართლო ხელისუფლება სრულად ხელში ჩაიგდოს, ამჯერად ეკონომიკურ საკითხებზე. ის პოლიტიკურ საკითხებს ისედაც აკონტროლებს, აფხაზეთში ჯარი უყენია, სამხედრო, პოლიტიკური თვალსაზრისით სრული კონტროლი აქვს, ახლა კი ეკონომიკური თვალსაზრისით ხელში მთავარ სახელისუფლებო ბერკეტს იგდებს.

აფხაზებმა კარგად იციან, რა არის ამაში ჩადებული, ამიტომაც (რატიფიკაცია) ბოლო დრომდე ჭიანურდებოდა. ფინანსურმა სანქციამ, რაც რუსეთმა აფხაზებს დაუწესა, აფხაზური მხარე აიძულა, ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია მოეხდინა. თუ აპარტამენტების შესახებ ე.წ. კანონი მიღებული არ იქნება, მაშინ ეს ე.წ. შეთანხმება აფხაზეთს მაინცდამაინც დიდ ზიანს ვერ მოუტანს. დოკუმენტი სამართლებრივი თვალსაზრისით აფხაზებისთვის ძალიან დამაზიანებელია, მაგრამ პრაქტიკული ზიანი აქედან ნაკლები იქნება, ვიმეორებ იმ შემთხვევაში თუ ე.წ. კანონი აპარტამენტების შესახებ არ მიიღეს”, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ე.წ. შეთანხმებას ბათილად აცხადებს.

ჯემალ გამახარიამ ასევე უპასუხა შეკითხვას, ოკუპირებული რეგიონებისთვის ე.წ. ბოდიშის მოხდის საკითხზე და თქვა, რომ ქართველებს საბოდიშო არავისთან არაფერი აქვს, თუმცა შერიგება მხოლოდ ურთიერთშენდობის საფუძველზე მოხდება და ეს ერთგვარი მიტევება ორმხრივი უნდა იყოს და არა ცალმხრივი.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიოსა და რუსეთის გარშემო. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ აფხაზებთან ურთიერთშენდობისთვის, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი. არა ისე, რომ ვთქვათ, მარტო ჩვენ ვართ დამნაშავე, გამორიცხულია, ყოველ შემთხვევაში აფხაზებთან. ჩვენი გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ამაზე ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, მაგრამ თავიანთ დიდ დანაშაულზე აფხაზებმაც უნდა მოგვიხადონ ბოდიში, კეთილი უნდა ინებონ და მათაც უნდა მოიხადონ ბოდიში. ცალმხრივი ბოდიში საქმეს ვერ უშველის“, – აცხადებს გამახარია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend