2004 წლის შემოდგომაზე ლონდონის პარკში 13 მოხალისე მორბენალი გამოვიდა. მათ იმ დროისთვის წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ამ უდიდესი გლობალური მოძრაობის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელები იქნებოდნენ.
„პარკრანის” მარათონი ყოველ შაბათ-კვირას იმართება და ნებისმიერ მოხალისეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. სხვადასხვა ქალაქის პარკებში მოხალისეები საშუალოდ ხუთ კილომეტრს დარბიან და ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევენ პოპულარიზაციას. „პარკრანი” წელს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს მარათონი დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაში, თითქმის 2500 ადგილას ტარდება.
„თავდაპირველად, „პარკრანში” მონაწილეობის მიღების მოტივაცია შაბათს არსებულმა თავისუფალმა დრომ მომცა. წლების გასვლასთან ერთად თითქმის მთელი ოჯახით ჩავერთეთ ამ მარათონში და ძალიან ბედნიერები ვართ“,-ამბობს სტივენ სტოკველი, „პარკრანის” მარათონის მონაწილე.
10 მილიონზე მეტ მოხალისეს მაინც მიუღია მონაწილეობა მინიმუმ ერთ „პარკრანში”.
„ერთი რამ, რაც „პარკრანში” ძალიან მომწონს არის ის, რომ შენ შეიძლება ცუდი დღე გქონდა, ან სამსახურში წარუმატებელი კვირა, „პარკრანზე” ყოველთვის მეგობრული ადამიანები გხვდებიან და კარგ ხასიათზე დგები. „პარკრანმა” უამრავი კარგი მეგობარი შემძინა”,-ამბობს მიჩი ოლივერი, „პარკრანის” მარათონის მოხალისე.
„პარკრანის” მარათონი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ხალხისთვის მოტივაციის ამაღლებასა და მათი ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
„ძალიან მომწონს იდეა, რომ, თუნდაც, ქვეყნის გარეთ, ყოველ შაბათ-კვირას შეგიძლია გახვიდე და ირბინო”, – ამბობს რიჩარდ კოუდელი, „პარკრანის” მარათონის მონაწილე.
„პარკრანს” მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მარათონში მონაწილეების ჯანმრთელობაზე 2000-ზე მეტი ექიმი ზრუნავს.
„სიმართლე გითხრათ, თავიდან ნამდვილად არ ვიყავი ასე დაინტერესებული. ალბათ, კოვიდის პანდემიის პერიოდიდან გავხდი შეპყრობილი ამ მარათონით“, – ამბობს ლიზ ფელიქსი, „პარკრანის” მარათონის მონაწილე.
დიდ ბრიტანეთში „პარკრანზე” დარეგისტრირებულმა 45 000-ზე მეტმა პირმა განაცხადა, რომ ისინი აქამდე ფიზიკურად სრულიად უმოქმედოები იყვნენ.