ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა, რომელთა თანახმად, ყოფილმა პრეზიდენტმა 2020 წლის არჩევნების გაუქმების მცდელობა იქამდე დაიწყო, ვიდრე დამარცხდებოდა.
სასამართლოს ინფორმაციით, მან არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებები შეგნებულად წამოწია. კონგრესის ერთთვიანი გამოძიება და საბრალდებო დასკვნა დეტალურად აღწერდა ტრამპის მცდელობებს- გაეუქმებინა არჩევნები. ახლა კი ამას ახალი, მანამდე უცნობი ანგარიშები დაემატა.
ამერიკელი ჟურნალისტისა და პოლიტიკის მიმომხილველის ერიკ ტაკერის თქმით, პროკურორების მიზანია, ვაშინგტონის მოსამართლე, ტანია ჩუტკანი, დაარწმუნონ იმაში, რომ ტრამპი პირადი მიზნებისთვის მოქმედებდა. შესაბამისად, ბრალდებულის გასამართლებაც შესაძლებელია.
„ეს მნიშვნელოვანია, რადგან უზენაესმა სასამართლომ ივლისში გამოქვეყნებულ დასკვნაში განაცხადა, რომ ტრამპი, როგორც პრეზიდენტი ოფიციალურად მოქმედებდა და შესაბამისად, მას იმუნიტეტი იცავს. ახალი დეტალებით, პროკურორები იმის მტკიცებას ცდილობენ, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, დონალდ ტრამპი მოქმედებდა, როგორც მოქალაქე და არა პრეზიდენტი.
საჯარო გახდა ახალი დეტალები, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ ცდილობდა ძალაუფლების შენარჩუნებას დონალდ ტრამპი. ჩვენ შევიტყვეთ მისი და ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის საუბრების შესახებაც, აქ ტრამპი ძალიან ემოციური იყო. იგი ცდილობდა, დაეთანხმებინა მაიკ პენსი, არ ეღიარებინა არჩევნების შედეგები. ჩვენ ასევე შევიტყვეთ ტრამპის უგულისყურო რეაქციის შესახებ, როდესაც მას შეატყობინეს, რომ 6 იანვარს მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეჭრისას მაიკ პენსის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ამის მიუხედავად, ტრამპმა თქვა: “მერე რა?”. ასევე, როდესაც ტრამპს უთხრეს, რომ ადვოკატებს არჩევნების გაყალბების შესახებ სასამართლოში შესაბამისი სამხილების წარდგენა არ შეეძლოთ, მან განაცხადა: „დეტალებს მნიშვნელობა არ აქვს“, – ამბობს ერიკ ტაკერი.