მთავარისაქართველო„არჩევნები საქართველოში - საგანგაშო მოვლენები“ - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დეკლარაციას აქვეყნებს

„არჩევნები საქართველოში – საგანგაშო მოვლენები“ – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დეკლარაციას აქვეყნებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წინასაარჩევნო მონიტორინგს განაგრძობს და დეკლარაციას აქვეყნებს სახელწოდებით „არჩევნები საქართველოში – საგანგაშო მოვლენები“.

დეკლარაციას, რომელსაც 24 დეპუტატის ხელმოწერა აქვს, წერია, რომ არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ანტიდემოკრატიული ქმედებები უნდა შეწყვიტონ და საგარეო კურსი შეცვალონ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიუღებლად მიიჩნევს ოპოზიციური კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ წამოწყებული დაშინების მასობრივ კამპანიას, ოპოზიციონერ აქტივისტებზე თავდასხმას.

დეკლარაციაში საუბარია წინასაარჩევნოდ ყალბი ნარატივის შემცველი ინფორმაციის მასობრივ გავრცელებაზე, რომელიც ევროპელ დეპუტატთა შეფასებით, მიზნად ისახავს მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას. ხაზგასმულია სადამკვირვებლო ჯგუფებისთვის ხელისშეშლის ფაქტები და საკანონმდებლო რეგულაციების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

ევროსაბჭოში ასევე კითხვის ნიშნები აქვთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამჭვირვალობაზე, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და სანდოობაზე. ამასთანავე, დეკლარაციით 24 ევროპელი დეპუტატი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ქართველ ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად განსაზღვრის საშუალება მისცეს.

„საქართველოდან მოდის საგანგაშო ცნობები, რომლებიც, როგორც ჩანს, აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის. ეს მოიცავს დაშინების მასობრივ კამპანიას ოპოზიციური კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომელთა უძრავი ქონება იძარცვება და რომელთა ოჯახებს ემუქრებიან. ასევე იყო ფიზიკური თავდასხმა ოპოზიციონერ აქტივისტებზე.

ამომრჩევლებს ასევე აშინებენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს ხმის ანონიმურობას, მთავრობას ეცოდინება ვის მიეცი ხმა და ამას შედეგები მოჰყვება.

ბევრ ეროვნულ სადამკვირვებლო ჯგუფს ხელს უშლიან მუშაობაში ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებით იქამდეც კი, ვიდრე ე.წ. „უცხოური აგენტების კანონი” შევა ძალაში.

საბოლოოდ, როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა.

მსგავსმა ქმედებებმა შექმნა წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიულად მოქმედება და შეცვალონ კურსი.

არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების როლი, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა ქართველ ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად განსაზღვრის საშუალება მიეცეს”, – წერია დეკლარაციაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend