მთავარისაქართველო„საქართველოში მედიაგარემო გაუარესდა" - ევროპის საბჭოს პლატფორმა

„საქართველოში მედიაგარემო გაუარესდა” – ევროპის საბჭოს პლატფორმა

ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და თავისუფლების სწრაფი რეაგირების პლატფორმამ, რომელიც ევროპის საბჭოს პარტნიორი ორგანიზაციების მისიას წარმოადგენდა საქართველოში, მუშაობა დაასრულა და ანგარიში წარადგინა. ამ პლატფორმაში შემავალი მედიამკვლევარი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, მონიტორინგისას უამრავი ნეგატიური ფაქტი გამოიკვეთა საქართველოში მედიის პოლარიზაციის, ჟურნალისტებზე ძალადობისა და ზოგადად, პრესის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის მხრივ. პლატფორმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მედიისთვის ხელშეშლის ფაქტების უმეტესობა ხელისუფლების მიერ იყო ინსპირირებული.

„ჩვენი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხრივ აშკარა უკუსვლაა თქვენს ქვეყანაში. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ხელისუფლების მიერ მიღებულმა კანონმა „გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის მიღებამ საფრთხის ქვეშ დააყენა დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები. ასეთივე საფრთხესა და მედიის საქმიანობაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს კანონთა პაკეტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რადგან ჟურნალისტებს ბევრი მიმართულებით აეკრძალებათ გარკვეული საკითხების გაშუქება. ეს კი თავისუფალი მედიის ნორმალურ ფუნქციონირებას შეაფერხებს. ამ კანონების ამოქმედებით ჩვენ ვხედავთ რეალურ საშიშროებას, მედიაზე ცენზურას ღია მეთოდებით, რომლებიც წარმოებული იქნება მმართველი პარტია „ქართული ოცნების” მიერ. უამრავი ფაქტი ადასტურებს მედიის მკვეთრ პოლარიზაციას. ასევე ვერ ვხედავთ წინასაარჩევნო დებატებს, რაც დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ინდიკატორია. ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოებაც უკვე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამ მხრივ ცუდ სურათს ვხედავთ“, – აცხადებს ორგანიზაცია „ცენზურის ინდექსის“ წარმომადგენელი ჯემიმა სტენფილდი.

მათივე განცხადებით, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას ხელი ე.წ.-მა გამჭვირვალობის კანონის მიღებამაც შეუწყო, რადგან ამ კანონის გამკრიტიკებელი ჟურნალისტებისა და მედიაკომპანიების მიმართ განსაკუთრებით მოიმატა სიტყვიერმა და ფიზიკურმა აგრესიამ.

„რაც ამ მოკვლევის ფარგლებში დავადგინეთ, ჩემთვის ნამდვილად დიდი შოკი იყო. ეს იყო ანტიდემოკრატიული ქმედებების მთელი ნუსხა. ჩემი გაოგნება გამოიწვია არა მხოლოდ, ზოგადად, მედიის თავისუფლების ხარისხის გაუარესებამ, არამედ ჟურნალისტების, როგორც ადამიანების, ამ ქვეყნის მოქალაქეების უფლებების შელახვამ. სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს არაერთხელ დაესხნენ თავს, მაღალი ალბათობით სახელისუფლებო დაკვეთით. ამ დანაშაულებრივ ქმედებებს, სამწუხაროდ, სისტემატური ხასიათი აქვს და ეს არ არის ცალკეული შემთხვევები. ასეთი მოვლენები მკვეთრად აუარესებს ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობას. ეს ყველა ორგანიზაცია, მათი წარმომადგენლები, ვინც ამ მაგიდასთან ვსხედვართ, ვართ შოკირებული ბოლო პერიოდში თქვენს ქვეყანაში მომხდარი ფაქტების გამო. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულ პირს, რადგან პირველ რიგში ისინი არიან ადამიანები. ჟურნალისტებისა და მედიის თავისუფლების დაცვა მაშინ იწყება, როცა ქვეყანაში ზოგადად დაცულია ადამიანის უფლებები,“- აღნიშნავს „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის (EFJ)”-ის წარმომადგენელი რიკარდო გუტიერეში.

მონიტორინგის ფარგლებში მკვლევრები შეხვდნენ როგორც მედიაორგანიზაციების, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:02

ერთობის ჯაჭვი

spot_imgspot_img
Send this to a friend