საქართველო გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადება. პოლიტიკური ველი პოლარიზებულია და მის ერთ პოლუსს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მეორეს კი, პროევროპული ოპოზიციური გაერთიანებები იკავებენ. ოპოზიციასთან ერთად მმართველ პარტიას ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტიც და იმ პირობებში, როცა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები ე.წ. „აგენტების კანონის” მიღების გამო გაყინულია, პროდასავლურ პარტიებს საერთო ქარტიას სთავაზობს. სალომე ზურაბიშვილმა გარდამტეხ არჩევნებზე, სადავო კანონზე, ევროინტეგრაციასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ შემობრუნებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ევრონიუსთან ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს ევროპასა და წარსულში დაბრუნებას შორის გააკეთებს. პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ არჩევნების კონტექსტში ევროპას მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გაკეთება შეუძლია.
„ეს იმის დადასტურებაა, რომ არჩევნები პროევროპულმა პარტიებმა მოიგეს. თუ ქარტია არჩევნებიდან ძალიან მალე რეალიზდება, პარლამენტის ფორმირებისა და ზომების მიღებისთანავე ევროკავშირმა უნდა თქვას, რომ მზადაა მოლაპარაკებები იქიდან გააგრძელოს, სადაც გაჩერდა“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი ამბობს, რომ მოახლოებული არჩევნები განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ მომავალსა და საქართველოს ევროინტეგრაციის ბედს მოლაპარაკებების გახსნის გზით, ისევე როგორც ეს უკრაინასა და მოლდოვასთან მოხდა და როგორც საქართველოს შემთხვევაშიც უნდა მომხდარიყო, ქვეყანას ამ გზიდან რომ არ გადაეხვია და იტოვებს იმედს, რომ ქართველი ხალხი ისტორიულ არჩევანს უერთგულებს.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საკუთარ გეგმასა და ტექნიკურ მთავრობაზეც, რომელმაც ქვეყანა ევროპულ გზაზე უნდა დააბრუნოს: „ეს საკმაოდ რთული იქნება. ჩვენ კოალიციურ მთავრობას მიჩვეული არ ვართ. ჩემი შეთავაზება ტექნიკური მთავრობის შექმნაა. ეს მთავრობა ქვეყანას მოლაპარაკებების დაწყებამდე მიიყვანს. მოსაგვარებელი იქნება ძალიან ტექნიკური საკითხები. პროგრამა ცნობილია და იგი სხვადასხვა ევროპული რეკომენდაციის შესასრულებლად ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს“.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში საცხოვრებლად ჩამოდიან, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ: „საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულ რუსებთან კონფლიქტი არ ყოფილა, თუმცა ხელისუფლებამ მათ თვალი უფრო ყურადღებით უნდა ადევნოს. 60 000 ჩამოსულ რუსს შორის აუცილებლად უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგო ინტერესებს ემსახურებიან“.
საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე დღეა ევროპის სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობს და ქვეყნისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ხვდება. ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე პრეზიდენტი ევრონიუსს ბრიუსელში ვიზიტისას 2 ოქტომბერს ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აქვს იმედი, რომ საქართველოს მოსახლეობა დარჩება იმ მისწრაფების ერთგული, რომელიც ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან აქვს. პრეზიდენტი იმედოვნებს იმასაც, რომ ჩვენი პარტნიორები საკმარისად მომზადებული იქნებიან, სწრაფად განაახლონ პროცესი, რომელმაც მომავალი წლის ივნისში მოლაპარაკებების გახსნამდე უნდა მიგვიყვანოს.