30 სექტემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ის ირანელ ხალხს მიმართავს. თავის სიტყვაში ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ ირანელ ხალხს პატივს სცემს და დარწმუნებულია, რომ ისინი მოძალადეებს და მკვლელებს მხარს არ უჭერენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი სთხოვს ირანელებს კარგად გაიაზრონ, თუ საითკენ მიჰყავს მათ ლიდერებს ირანი და ახლო აღმოსავლეთის რეგიონი.
„მე ძალიან ბევრს ვსაუბრობ ირანის ლიდერებზე. თუმცა ამ გადამწყვეტ მომენტში, მე მინდა რომ მოგმართოთ თქვენ – ირანელ ხალხს. მე მინდა მოგმართოთ პირდაპირ, ყოველგვარი ფილტრებისა და შუამავლების გარეშე. ყოველდღე თქვენ უყურებთ რეჟიმს, რომელიც გიმორჩილებთ, საუბრობს ლიბანის დაცვის შესახებ, საუბრობს ღაზაზე. ყოველდღე ეს რეჟიმი ჩვენს რეგიონს უფრო ღრმა უფსკრულისა და ფართომასშტაბიანი ომისკენ მიათრევს. ყოველდღიურად მათი მარიონეტები იხოცებიან. ჰკითხეთ მუჰამედ დეიფს („ჰამასის“ მოკლული სამხედრო ლიდერი). ჰკითხეთ ჰასან ნასრალას. არ არსებობს ახლო აღმოსავლეთში ადგილი, რომელსაც ისრაელი ვერ მისწვდება. არ არსებობს, რომ ჩვენ არ დავიცვათ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა. ყოველ წამს რეჟიმი თქვენ – კეთილშობილ ირანელ ხალხს – გაახლოებთ უფსკრულს. ირანელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ მათს რეჟიმს არ ადარდებს ხალხი. რეჟიმს თქვენზე რომ ეზრუნა, მაშინ ის შეწყვეტდა მილიარდობით დოლარის ახლო აღმოსავლეთში უშედეგო ომების გაჩაღებისთვის ხარჯვას და დაიწყებდა თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებას“, – ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ბენიამინ ნეთანიაჰუ საუბრობს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ირანელ ხალხს რეჟიმისგან განთავისუფლების შემდეგ გაუჩნდება. მისი თქმით, ირანის ლიდერები მილიარდობით დოლარს ხალხის კეთილდღეობის ნაცვლად ომებსა და რეპრესიებში ხარჯავს. მანვე დასძინა, რომ ირანი იმაზე ადრე გათავისუფლდება, ვიდრე ხალხს ჰგონია.
„წარმოიდგინეთ უდიდესი ნაწილი იმ თანხისა, რომელიც ბირთვულ იარაღებსა და ომებზე დაიხარჯა, ბავშვების განათლებასა და ჯანდაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სასმელი წყლის, კანალიზაციის სისტემის გამართულობაზე რომ დახარჯულიყო. წარმოიდგინეთ ეს. თუმცა თქვენ კარგად გესმით ერთი მარტივი რამ – ირანის ტირან მეთაურებს არ ადარდებთ თქვენი მომავალი, მაგრამ თქვენ გადარდებთ თქვენი. როდესაც ირანი საბოლოოდ გათავისუფლდება – და ეს უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ხალხი ფიქრობს – ყველაფერი სხვანაირად იქნება. ისრაელი და ირანი მშვიდობიან თანაარსებობას მოახერხებს. როდესაც ეს დღე დადგება, რეჟიმის მიერ ხუთივე კონტინენტზე აგებული ტერორისტული ქსელი გაკოტრდება და დაიშლება. ირანი ისე განვითარდება, როგორც არასდროს. დაიწყება გლობალური ინვესტიციები, მასობრივი ტურიზმი, ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარება, რომელიც ირანში ჩამალულ ნიჭიერ ხალხს დაეყრდნობა. განა ეს უკეთესად არ ჟღერს, ვიდრე დაუსრულებელი სიღარიბე, რეპრესიები და ომები? ყუმიდან ისპაჰანამდე, შირაზიდან თავრიზამდე ათობით მილიონი კეთილშობილი ადამიანი ცხოვრობს ათასწლოვანი ისტორიითა და ბრწყინვალე მომავლით. არ მისცეთ ნება ფანატიკოსი თეოკრატების პატარა ჯგუფს დაამსხვრიოს თქვენი იმედი და ოცნებები. თქვენ უკეთესს იმსახურებთ. თქვენი შვილები უკეთესს იმსახურებენ. მთელი მსოფლიო უკეთესს იმსახურებს. მე ვიცი, რომ თქვენ „ჰამასისა “ და „ჰეზბოლას„ მოძალადეებსა და მკვლელებს მხარს არ უჭერთ, მაგრამ თქვენი ლიდერები უჭერენ. თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ. ირანელმა ხალხმა უნდა იცოდეს – ისრაელი თქვენ გვერდით დგას. დაე ერთად გაგვეგოს, რომ დადგება მშვიდობისა და კეთილდღეობის დღეები“, – აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ისრაელის მიერ ლიბანში დაწყებული საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის შემდეგ მილიონამდე ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, ხოლო თავდასხმებს ათასი ემსხვერპლა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ში ვიზიტისას ხაზი გაუსვა, რომ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სპეცოპერაცია კვლავ გაგრძელდება.