„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საელჩო ვერ დაასახელებს ვერც მის და ვერც მმართველი პარტიის რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ისინი ფინანსურ შანტაჟში შტატებს ან ევროკავშირს ადანაშაულებენ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აქვეყნებს ილუსტრაციას, სადაც აღნიშნულია, თუ სად არის მსოფლიო რუკაზე ბერმუდა და სინგაპური. პოსტში კი მითითებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ამ ქვეყნებში და არა ამერიკაში. ამით, საელჩო გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს „კრედიტ სუისის” საქმესთან დაკავშირებით. საელჩოს დღევანდელი გზავნილი იყო, რომ შეერთებული შტატები ამ დავასთან არაფერ შუაშია, რადგან მას ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოები განიხილავენ.
მმართველი პარტიის ლიდერებს წარსულშიც არაერთხელ უთქვამთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან „დე-ფაქტოდ“ სანქცირებულია.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრები ძარცვასა და ფინანსურ შანტაჟზე საუბრობდნენ, ყოველთვის აკონკრეტებდნენ, რომ ამ ქმედებების უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ე.წ. გლობალური ომის პარტია დგას.
განცხადების თანახმად, მმართველი გუნდის ლიდერები მუდმივად საუბრობდნენ ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე, როგორც ძალაზე, რომელსაც აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, სწორედ ამ ძალის გამო ამბობს უარს ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე.
„ამ ფონზე სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში აშშ-სა და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას“, – წერს ბიძინა ივანიშვილი.