12 წელი მართვის სადავეებთან – „ქართული ოცნების“ მმართველობის მესამე ვადას სახელისუფლებო გუნდი და მისი პოლიტიკური ოპონენტები აფასებენ. ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და ამჟამად საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. პირველ ოქტომბერს ის „თავისუფლების დაბრუნების დღეს“ უწოდებს, საქართველოს მოქალაქეების სიმბოლოდ მიიჩნევს და მას, 1918 წლის 26 მაისსა და 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღებს ადარებს. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ღირსეული არჩევანი გააკეთა და არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დაამარცხა, არამედ ქვეყანა დაიბრუნა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ხელშესახები პროგრესია ყველა მიმართულებით. მმართველობის მე-12 წლისთავს ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას კვლავ ყოფილი სახელისუფლებო გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“, აკრძალვასა და მისი წევრების გასამართლებას ჰპირდება.
„2012 წლის 1-ელი ოქტომბერი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ქართველი ხალხის არსებობის ერთ-ერთი მთავარი გამართლება, დღე, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართულ გენსა და წინაპართა მემკვიდრეობას. რამდენად ძლიერიც უნდა იყოს მტერი, შიდა თუ გარე, როდესაც საქმე ჩვენი ხალხის ღირსებასა და თავისუფლებას ეხება, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს!
ღირსება და თავისუფლება ქართველი კაცისთვის წითელი ხაზია, რუბიკონი, რომელიც არ უნდა გადალახო, მაგრამ თუ მაინც გაბედავ, რომ ამ მდინარეში შეცურო, ქართველი ხალხის, საქართველოს შვილების ერთიანობის ძალა წაგლეკავს!
1-ელი ოქტომბერი არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას, რომელიმე ადამიანს, 1-ელი ოქტომბერი ეკუთვნის ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ამ საოცარი ერთიანობით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ქვეყანას ჩამორეცხეს სამარცხვინო შავი ლაქა, რომელიც არ გვაძლევდა საშუალებას თავისუფლად ამოსუნთქვის, აზრის გამოხატვის, სიმართლისთვის ბრძოლის, ღირსეულად ცხოვრების, ოჯახსა და ახლობლებზე ზრუნვის, მუშაობის, ბიზნესის კეთების, განათლების მიღებისა და სიბერის ღირსეულად გატარების.
პატრიოტიზმი მხოლოდ იარაღით ხელში სამშობლოს დაცვა როდია, ყველაფერთან ერთად ესაა გამბედაობა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე რთულ მომენტში აიმაღლო ხმა, სწორედ მაშინ, როდესაც ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს!
ჩვენ გავბედეთ!
შეუძლებელი შევძელით და თუკი 2011 წელს, პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მომენტში, ხალხს ქუჩაში გამოსვლისა და შეკრებისაც კი ეშინოდა, 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავისა და არაფრის გვეშინია, 1-ელ ოქტომბერს კი, ქუდზე – კაცი მივედით საარჩევნო ყუთებთან და არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ!
ამ ერთიანობის ძალით შევძელით ბოროტების სიკეთით, ხოლო სიცრუის სიმართლით, უსისხლოდ დამარცხება.
სწორედ ჩვენი ხალხის ამ უპრეცედენტო ერთიანობას ვერ აღუდგნენ წინ იმჟამინდელი რეჟიმი და მათი უცხოელი პატრონები!
ამიტომაც, ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალაქეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა!
ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი!
ამ ყველაფრისთვის სამშობლო თქვენი მადლიერია, მადლიერი ვარ მეც, როგორც თქვენი თანამებრძოლი, ქართველი კაცი!
ვსარგებლობ დღევანდელი შემთხვევით და მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, თითოეულ თანამებრძოლსა და მხარდამჭერს. მადლობა ყველას, ვინც პირველ ოქტომბერს ჩვენთან ერთად უშიშრად დადგა, გასული 12 წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად ღირსეულად იარა დანაღმულ ველზე და გაუძლო ყველანაირ ზეწოლას, რათა დღეს ისევ ჩვენ გვერდით ყოფილიყო!
2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს ისტორიის ჩარხი წაღმა დატრიალდა. არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ, ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ეკონომიკა თუ სხვა.
ამას არა მხოლოდ ჩვენი სიტყვა და ის კეთილდღეობა ადასტურებს, რასაც ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ, არამედ ამას მოწმობს საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს!
არ არსებობს, თუნდაც, ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ გაუარესდა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამალვას, დამახინჯებასა და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს.
ეს ხელშესახები პროგრესი, რასაც ყველა ვხედავთ, არა მხოლოდ ჩვენი მონდომებისა და ძალისხმევის, არამედ იმ ბეწვის ხიდზე სწორად სიარულის შედეგი გახლავთ, რომელზეც მთელი განვლილი 12 წლის განმავლობაში ვიარეთ და დღემდე ვაგრძელებთ სვლას.
დიახ, ბოლო დრომდე ვცდილობდით ამ თემაზე საჯაროდ არ გვესაუბრა, რათა მოსახლეობა არ დაგვეთრგუნა, მაგრამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლებისა და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ბეწვის ხიდზე სიარულისას ბრძოლის მთავარი ხაზი გადიოდა ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი რწმენის, კულტურის, ისტორიისა და იმ ღირებულებების დაცვაზე, რისთვისაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს გავერთიანდით!
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ ამ ბეწვის ხიდზე საქართველო და ჩვენი მოსახლეობა გამარჯვებით, 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობით ეტარებინა, და ახლა, როცა ამ რთული გზის ბოლო მონაკვეთს გავდივართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე კაცი გამოვიდეთ, რათა ვერავინ ვერასდროს გაბედოს, რომ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში. ვერავინ შეიტანოს მცირეოდენი ეჭვი იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს არა ომს, არამედ მშვიდობას; არა უცხო ქვეყნის აგენტებს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველ გუნდს; არა ფსევდოლიბერალურ ღირებულებებს, არამედ ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს; არა იმ კატეგორიულად მიუღებელ მოცემულობას, რაც რადიკალურ ოპოზიციასა და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალს!
ამიტომაც, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ:
ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს;
იმისთვის, რომ საქართველოს ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“;
იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო;
იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის შეურაცხყოფისა და დაკნინების მუდმივი მცდელობები და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერებისა და დაცვის მიზნით კონსტიტუციაში ავსახოთ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი!
ასე რომ, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა – არ ყოფნის საკითხი დგას!
უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ, ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ!“ – ნათქვამია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, წერილში.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ხელისუფლებაში სამი ვადით იყო. მმართველობის პერიოდს აფასებენ სახელისუფლებო გუნდის წევრები და ლიდერები.
„12 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველო გააერთიანა, დარაზმა და მტკიცე უარი უთხრა სიცრუეს, ბოროტებას, ე.წ. „დემოკრატიის შუქურას“ – 12 წლის შემდეგ „ქართლ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა. მე ვიტყოდი, რომ 2012 წლის შემდეგ ასეთი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არ ჰქონია, იმიტომ რომ საზოგადოება ჯერ კიდევ ხედავს საფრთხეს, იმ გამოწვევას, სირთულეებს, რომლებიც არსებობს. ერთადერთი ძალა არის „ქართლი ოცნება“, ვისაც რეალურად შეუძლია დაიცვას ქვეყნის ინტერესები, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – თქვა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„12 წლის წინ, 1-ელ ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ სადისტური და მავნებლური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც სულდგმულობს ამ ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი ამ გამარჯვების სათავეში იყო, ამ გამარჯვების წინამძღოლი იყო. დღემდე ის ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს. მის მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც ის ქართველ ხალხს თავისუფლებას ულოცავს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ სიმბოლურია მიმდინარე არჩევნების დროს, სადაც საქართველოს ყოფნა-არ ყოფნისა და გადარჩენის საკითხი დგება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
„ქართული ოცნების“ მმართველობის მე-12 წელს აფასებენ ოპოზიციაშიც. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გაცემული დაპირებები არ შეასრულა და მმართველ გუნდს ტყუილში ამხელენ.
„ქართული ოცნების“ 12 წელი შეიძლება ერთი სიტყვით შეფასდეს, ეს არის ტყუილების 12 წელი. ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ყველა დაპირება, რომელიც მათ გააჟღერეს, აღმოჩნდა ტყუილი. 100 ქარხანა, უფასო ფული, გრძელვადიანი ინვესტიციები სოფელში, ევროპისა და მსოფლიოს დემოკრატიით განცვიფრება. ჩვენ მგონი 100 ტყუილი გვაქვს დათვლილი, რომლებიც მათ ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს მიჰყიდეს. ეს უნდა დამთავრდეს. იქ, სადაც არის ტყუილი, არაფერი ვითარდება, ამიტომ, ჩვენ ამას დავამთავრებთ! 27-ში ჩვენ გავიღვიძებთ ახალ საქართველოში, ძლიერ საქართველოში და ძალიან მალე თითოეული მოქალაქე იგრძნობს თავის თავზე, თავის ოჯახზე იმ სიკეთეს, რომელსაც ჩვენ ჩვენი რეფორმებით მოვუტანთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
„ზუსტად 12 წლის წინ „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონში პირველად, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, ხელისუფლება არჩევნების გზით მშვიდობიანად გადააბარა „ქართულ ოცნებას“. მაშინ ჩვენს მოსახლეობას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა ივანიშვილის, თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად იქცა. დღეს ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ 12 წლის მანძილზე ვერ ვნახავთ ვერცერთ მის მიერ გაფუჭებულ საქმეს. ეს გაცხადება უბრალოდ წარმოუდგენელ სითავხედედ მიმაჩნია, რადგან ეს არის ადამიანი, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ქალაქ ლაზიკის მშენებლობა შეჩერდა. ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაში არის ქართული ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო – გელათი. მის დროს აფეთქდა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – საყდრისი და რაც მთავარია, ამ კაცის ხელისუფლებაში ყოფნის დროს უარი ეთქვა ჩვენი წინაპრების არჩევანს – ევროპისკენ სვლას“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ.
ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით „ქართული ოცნების“ კოალიციამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 54.97%-ით გაიმარჯვა.