მთავარიმსოფლიოNATOმარკ რუტემ NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგი შეცვალა

მარკ რუტემ NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგი შეცვალა

მარკ რუტემ NATO-ს გენერალური მდივნის პოსტი ოფიციალურად დაიკავა. ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, გამართულ შეხვედრაზე იენს სტოლტენბერგმა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა რუტეს გადააბარა და თქვა, რომ NATO-ს საიმედო ხელში ტოვებს.

ახალი გენერალური მდივანი NATO-ს წევრი 32 ქვეყნის წარმომადგენლების კონსენსუსის საფუძველზე შეირჩა. 57 წლის პოლიტიკოსი, რომელიც ნიდერლანდების ისტორიაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ყველაზე ხანგრძლივად იკავებდა, ალიანსს სათავეში კრიტიკული გამოწვევების ფონზე უდგება. უკრაინაში მიმდინარე ომსა და ჩინეთის მზარდ ამბიციებთან ერთად ახლა მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებია.

NATO-ს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე საუბრობს პრესკონფერენციის დროს, ბრიუსელი, ბელგია, 1-ელი ოქტომბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Harry Nakos

მიუხედავად იმისა, რომ თავად რუტეს განცხადებით, არჩევნების შედეგების განურჩევლად, ახალ პრეზიდენტთან ერთად მუშაობა მისთვის პრობლემა არ იქნება, ანალიტიკოსები ალიანსის წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტად NATO-სადმი სკეპტიკურად განწყობილი დონალდ ტრამპის არჩევას ასახელებენ.

„ეს არ მაწუხებს. ორივე კანდიდატს ძალიან კარგად ვიცნობ. ტრამპთან ოთხი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ის ცდილობდა, მეტი დაგვეხარჯა და ამას მიაღწია კიდეც, რადგან ახლა ჩვენი ხარჯი გაცილებით დიდია ვიდრე, ვიდრე 2017 წლის დასაწყისში, მისი პრეზიდენტობის პირველ წელს იყო. ის მიგვითითებდა ჩინეთის საკითხზე ყურადღების გამახვილებისკენაც და ვფიქრობ, მართალიც იყო. მეორე მხრივ, კამალა ჰარისი, რა თქმა უნდა, ფანტასტიკური იყო ვიცე-პრეზიდენტის რანგში. ის პატივსაცემი ლიდერია. ასე რომ, ორივე კანდიდატთან მუშაობას შევძლებ. ვნახოთ, რა მოხდება“, – ამბობს მარკ რუტე.

NATO-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა მედიასთან განაცხადა ისიც, რომ ალიანსის გენერალური მდივნის რანგში სამი ძირითადი პრიორიტეტი ექნება. მათ შორის უპირველესი NATO-ს სიძლიერის შენარჩუნებაა, მეორე – უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მისი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება. მესამე პრიორიტეტად რუტემ ევროკავშირსა და მსოფლიოს იმ ქვეყნებთან პარტნიორობის გაძლიერება დაასახელა, რომლებიც ორგანიზაციის პრინციპებსა და ღირებულებებს იზიარებენ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი „სანდო ხელშია“. პოლიტიკოსმა, რომელიც NATO-ს სათავეში 10 წლის განმავლობაში ედგა და რომელმაც გენერალური მდივნის თანამდებობა იმ წელს დაიკავა, როცა რუსეთი ყირიმში შეიჭრა, დღეს, 1-ელ ოქტომბერს, განვლილი ათი წელი შეაფასა და არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ ათწლეულის განმავლობაში ალიანსი მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

იენს სტოლტენბერგი, ბრიუსელი, ბელგია, 1-ელი ოქტომბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Harry Nakos

„უნდა ვაღიარო, რომ ალიანსს არაერთგვაროვანი გრძნობებით ვტოვებ. წასვლის დროა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ადგილს დიდებული მემკვიდრე ჰყავს, იმ ორგანიზაციის დატოვება, რომელსაც ათი წელი ვემსახურებოდი, რთულია. რა თქმა უნდა, მომენატრება ყველა ადამიანი და ყველა ქვეყანა რომელთან ერთადაც ვიმუშავე, მაგრამ ამ პოსტს იმის ცოდნით ვტოვებ, რომ ამ ათწლეულში ძალიან ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ NATO უპრეცედენტოდ გავაძლიერეთ. გავაძლიერეთ კოლექტიური თავდაცვა მზადყოფნისა და ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჯარების გაზრდით. რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თუ აქამდე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე მხოლოდ სამი მოკავშირე ქვეყანა ხარჯავდა, ახლა ამგვარი სახელმწიფოების რაოდენობა 23-ს შეადგენს. ალიანსში დავამატეთ ოთხი ახალი წევრი: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ფინეთი და შვედეთი. ჩვენი ოჯახი გაიზარდა. 2014 წელს უკრაინის მცირედით დახმარებიდან მის მასშტაბურ მხარდაჭერამდე მოვედით. NATO შეიცვალა“, – თქვა იენს სტოლტენბერგმა, NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ პოზიციაზე ჩაგანაცვლოთ. ჩვენ ორივეს გვჯერა, რომ ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირი ჩვენი ალიანსის საფუძველია. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ ამ საფუძვლის სიმყარის შენარჩუნებისთვის. თქვენ უკვე ახსენეთ პრიორიტეტები, რომლებზეც მუშაობდით. ჩვენ ამ საქმეს გავაგრძელებთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ერი.

რა თქმა უნდა, მეტი უნდა დავხარჯოთ, უნდა გავზარდოთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვა. ამ მიმართულებით თქვენ ძალიან ბევრს მიაღწიეთ. თქვენ იყავით ის, ვინც მთელს მსოფლიოში კავშირებს ამყარებდა. NATO-ს პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, მაგრამ ერთი რამ, ჩვენი მისია არ შეიცვლება – ეს მისია ჩვენი ხალხის, ჩვენი ერების დაცვაა”, – ამბობს მარკ რუტე.

მარკ რუტე ალიანსს სათავეში საკმაოდ რთულ ვითარებაში ხვდება. ევროპაში კვლავ მძვინვარებს ომი, რომლის მსგავსი მასშტაბიც კონტინენტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს. როგორც NATO-ს ახალი გენერალური მდივანი ამბობს, იგი წინამორბედის მიერ დასახულ მთავარ პრიორიტეტებს უერთგულებს და საკუთარ მისიას, წევრი სახელმწიფოების დაცვასა და პარტნიორების მხარდაჭერას, გააგრძელებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend