ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ამერიკელ ოლიმპიელებს შეხვდა და პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ გუნდურ ჩათვლაში აშშ-ის ოლიმპიურმა დელეგაციამ საერთო ჯამში 127 მედლით 204 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.
ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატები „მსოფლიოს ისტორიაში უდიდეს სპორტულ ერად“ მოიხსენია.
პრეზიდენტი ბაიდენი პარიზის ოლიმპიურ თამაშებს ვერ დაესწრო, თუმცა მოუთმენლად ელის 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადას. მან თქვა, რომ 2028 წლისთვის უკვე პრეზიდენტი აღარ იქნება და აუცილებლად შეძლებს, რომ ამერიკელ სპორტსმენებს ახლოდან უგულშემატკივროს.
„მთელი ერისა და ათასობით გულშემატკივრის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ. გმადლობ, რომ ამერიკას საუკეთესოდ წარმოადგენთ მსოფლიოს მასშტაბით. მე, სამწუხაროდ, ოლიმპიადაზე ჩამოსვლა და თქვენი ახლოდან ყურება ვერ მოვახერხე, თუმცა ჩემი მეუღლე იყო პარიზში და ის გგულშემატკივრობდათ, მე კი ტელევიზორიდან გადევნებდით თვალს. ამერიკის მოსახლეობა თქვენთან ვალშია, ამ ყველაფერს დაზუსტებით ვამბობ და საერთოდ არ ვაზვიადებ. თქვენი ოჯახის წევრები სიამაყისა და სიხარულის ცრემლებით ტირიან. თქვენი მშობლიური ქალაქები და თანამემამულეები უდიდეს პატივს გცემენ თქვენი გაწეული შრომისა და წარმატებისთვის. ისეთი ხალხისთვის გახდით გმირები, ვისაც არც თქვენ იცნობდით და შეიძლება აქამდე არც ისინი გიცნობდნენ. მშობლები თავიანთ შვილებს მოტივაციას თქვენი წარმატების მაგალითზე აძლევენ. თქვენ მომავალ თაობას უდიდეს სტიმულს აძლევთ”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა, აშშ-ის პრეზიდენტმა.