საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ „მეორე ფრონტთან” დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა პროგრამის „ღირსეული პარტნიორი” წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო.
„სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში. სიმართლე კი მარტივია“, – წერს საელჩო „ფეისბუკზე“ და საპასუხოდ აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მათ შორის გამოსახულია პროგრამის „ღირსეული პარტნიორი“ ფარგლებში გადაღებული ფოტო.
გამოქვეყნებულ მასალაზე არის შემდეგი წარწერა: „ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ. რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?“