მთავარისაქართველო„ღია მემორანდუმი“ და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი

„ღია მემორანდუმი“ და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი

საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რეინტეგრაციის საკითხი კვლავ აქტუალურია. თემა მას შემდეგ იქცა განხილვის საგნად, რაც 14 სექტემბერს გორში წინასაარჩევნო შეხვედრის მიმდინარეობისას მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე ომის ყველა დამნაშავე დაისჯება და ქართულ-ოსური, ასევე ქართულ-აფხაზური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრესი სამართლებრივი პასუხი იქნება გაცემული. ქართველებმა საკუთარ თავში უნდა გამოვძებნოთ ძალა, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

ბიძინა ივანიშვილის ამ სიტყვებს უკვე ორ კვირაზე მეტია, აქტიურად ეხმაურებიან მოსკოვიდან და რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ე.წ „ხელისუფლებებიდან“. კრემლშიც და დროებით ოკუპირებული რეგიონების ე.წ „მმართველობაშიც“ ეთანხმებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიციას. ერთ-ერთი ბოლო გამოხმაურება ამ თემაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ეკუთვნის. 29 სექტემბერს მან აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს „მეზობლებად“ მოიხსენია და თქვა, რომ „რუსეთი მზადაა, დაეხმაროს თბილისს სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობის ნორმალიზებაში, თუკი იქნება ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფით“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას მალევე მოჰყვა გამოხმაურება თბილისიდანაც. დღეს, 30 სექტემბერს, აფხაზეთის დაცემის დღეს სამშვიდობო პოლიტიკასა და დეოკუპაციაზე მომუშავე სამოქალაქო სექტორმა ღია მემორანდუმი გაავრცელა. მიმართვა მოიცავს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასა და საინიციატივო ჯგუფს, რომლებიც მეტწილად დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებით არიან დაკომპლექტებულნი. მათი თქმით, ღია მემორანდუმი მიმართულია პროდასავლურ და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიებისადმი და მოიცავს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ინსტიტუციური რეფორმების კომპონენტებს. დეკლარაცია ითვალისწინებს დევნილი საზოგადოების უფლებების დაცვას, მშვიდობიანი თანაარსებობისა და მათი ღირსეული დაბრუნებისთვის პირობების შექმნას, საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას, რათა თავიდან იყოს აცილებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცება, წამება და მკვლელობა. მემორანდუმში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მთავარი წინაპირობაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის.

არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურნენ საქართველოს ხელისუფლებაში. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, წევრები კრემლის პოზიციას დადებითად და შერიგების პროცესის ხელშემწყობად აფასებენ. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ამ წინადადებების გარდა მნიშვნელოვანია, რუსეთმა დროებით ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარების გაყვანის პროცესი დაიწყოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ [სერგეი ლავროვის] განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთმიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ეს რიტორიკის ცვლილება პოზიტიური სიგნალია, თუმცა რიტორიკის ცვლილება რომ რეალისტურ ნაბიჯებში გადაიზარდოს და მხოლოდ გაუმყარებელ სიტყვებად არ დარჩეს, ჩვენ უნდა ვიხილოთ შემდეგი ნაბიჯები, როგორიც არის მაგალითად, საუბრის დაწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.

სამარცხვინოს, დამცინავსა და პროვოკაციულს უწოდებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები „ქართული ოცნების“ პოზიციასაც გმობენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების განცხადებები საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ტერიტორიული მთლიანობის საკითხით წინასაარჩევნოდ მანიპულირებს, რაც მათი თქმით, დაუშვებელია. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს მოუწოდებს, 15 ოქტომბერს, ზუგდიდში დაგეგმილ შეხვედრაზე მოქალაქეებს სამ შეკითხვაზე უპასუხოს.

„მსგავს პირობებში ხელისუფლება, რომელიც თავს ასაღებს წინასაარჩევნოდ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტრადიციებისა და ქვეყნის ერთიანობის დამცველად ამ ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი არც გამოსულა და როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის სუვერენიტეტი თავისი განცხადებებით დაარღვია, არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. სანაცვლოდ, მუნიციპალური დონის ვითომ კრიტიკოსები რაღაცებს აქედან პასუხობენ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე დიდი ამოცანაა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და დაუშვებელია მსგავსი საკითხების, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კულუარულად, დახურულ ოთახში დალაგება და საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაირი ინფორმაციის მიწოდება არ ხდება“, – განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები საზიანოა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ისინი ძალაუფლების შენარჩუნებისთვისა და ქონების დაგროვებისთვის მზად არიან, უღალატონ ქვეყანას. პირდაპირ ვამბობ, ისინი მზად არიან ყველანაირ დათმობაზე წავიდნენ რუსეთთან, ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება, რაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი. ის, რომ თურმე ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ საქართველოს სიყვარულის გამო და ამის მერე ვიღაც დაგვირიგებს რაღაცას, ეს არის ფოჩიანი კანფეტი, რომელსაც არავინ შეჭამს“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ.

უცნობია, გაითვალისწინებენ თუ არა სამშვიდობო პოლიტიკასა და დეოკუპაციაზე მომუშავე სამოქალაქო სექტორების მემორანდუმს მისი ადრესატები. ჯერჯერობით 3 კომპონენტისგან შემდგარ დეკლარაციას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია არც ხელისუფლებიდან და არც ოპოზიციიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend