შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციას მესამე H 145 ტიპის ვერტმფრენი შეემატა. ამ ტიპის სამი ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება 2022 წლის 19 დეკემბერს გააფორმა.
„თანამედროვე, ევროპული ტიპის სამივე ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ აქვთ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. H145 ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ სასაზღვრო პოლიციის საფრენოსნო შემადგენლობამ სრული გადამზადება გერმანიაში გაიარა.