მთავარისაქართველოსაფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ფილმის „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენება გაიმართა.

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ფილმის „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენება გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარიზის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის დავიწყებული მსხვერპლი: ,,ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენება გახსნა, რის შემდეგაც ის დისკუსიას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ფილმის ჩვენება სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ყოფილ და მოქმედ ევროპის მინისტრებთან ნატალი ლუაზოსთან და ბენჯამინ ჰადადითან ერთად გახსნა.

დოკუმენტური ფილმი დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ორგანიზებული გენოციდის მტკიცებულებებსა და დევნილთა ისტორიებს შეეხება. საფრანგეთის პარლამენტში გამართული კინოჩვენება ნაწილია კამპანიისა „ბუჩამდე იყო აფხაზეთი,” რომელიც თითქმის სამი წელია მიმდინარეობს აფხაზთა კრების, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულასა და პარტია ფედერალისტების ორგანიზებით. კამპანიის მიზანია, გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება.

„საქართველომ გრძელი გაიარა მისი დამოუკიდებლობის დღიდან. დამოუკიდებლობას მაშინვე ომი დაუპირისპირდა, რომლის წარმოჩენა ისე სურთ, რომ თითქოს ეს იყო კონფლიქტი საქართველოსა და აფხაზეთს შორის. სინამდვილეში კი, ეს იყო რუსეთის მიერ წამოწყებული და მისთვის სასურველი ომი. ამ გაგებით ომი აფხაზეთში დაიწყო – «ბუჩა» ბუჩამდე. როდესაც მოვისმენთ ჩვენებებს, ვნახავთ, რომ რუსეთმა სოხუმსა და აფხაზეთის ყველა სხვა ქალაქში იგივე მეთოდები, იგივე სიმკაცრე და იგივე სისასტიკე გამოიყენა, რაც ბუჩასა და მარიუპოლში ვიხილეთ. და რომელიც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ კიდევ გრძელდება.

30 წლის წინ, ამ დრამატული მოვლენებით დავიწყეთ. კონფლიქტი რუსეთის ხელში იყო ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც სცადა საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის, ევროპული მისწრაფებენის წინააღმდეგ. ხაზგასასმელია, რომ ამ გზის არცერთ მომენტში, საქართველოს არ შეუწყვეტია პროევროპელობა. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80-85% სურს ევროპა, მათ შორის, ამ კონფლიქტების მიუხედავად.

30 წლის შემდეგ, 2008 წლის ომის მიუხედავად, რამაც ეს სეპარატისტული კონფლიქტები დამოუკიდებელ გამოცხადებულ ტერიტორიებად გადააქცია, მაინც შესანიშნავ პროგრესს მივაღწიეთ, რაც ასოცირების ხელშეკრულებაში, ვიზალიბერალიზაციასა და ბოლოს, გასულ დეკემბერს, კანდიდატის სტატუსში აისახა. ეს კანდიდატის სტატუსი უკრაინამ დააჩქარა, ამას უკრაინას და უკრაინელების ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ, ამის გარეშე ბევრად მეტი დრო იქნებოდა საჭირო, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღებამ ოფიციალური მოსკოვი გააღიზიანა, რომელმაც საქართველოს მთავრობას მოუწოდა, ეჩვენებინა თუ რომელ მხარეს დგას ის.

„კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, პრაქტიკულად იანვრიდან გვაქვს ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკის ტალღები; იყო თბილისში მყოფ ელჩებზე თავდასხმა, მაგრამ ამან ბევრად უფრო ოფიციალური, ფორმალური ხასიათი მიიღო, ბატონი ივანიშვილით სათავეში, რომელმაც პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს, იმისათვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო, ბრალს სდებდა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ჯარის, პოლიციის ჩამოყალიბებაში. რომ თითქოს მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. თითქოს ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ეძებდნენ კრიზისის ახალ თეატრს, მაშინ როდესაც ჩვენს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სულ ახალ ფრონტებს ხსნის ყველა მისი მეზობლის წინააღმდეგ, არის და ყოველთვის იყო რუსეთი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend