თბილისის მე-9 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი დაიწყო. ამ მოვლენის პირველ დღეს სახვითი ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც შედგა ლეო ვარდიაშვილის რომანის პრეზენტაცია, რომელსაც ჰქვია „ერთი დიდი ტყის მახლობლად”.
წლევანდელი ლიტერატურული ფესტივალის თემაა „პროტესტი ლიტერატურაში და მის მიღმა”. სწორედ ამ თემის ირგვლივ გაიმართება დისკუსიები და სხვა ღონისძიებები.
ფესტივალის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მას არა ლიტერატურის სახლი, არამედ 28 და 29 სექტემბერს ტრადიციული პარტნიორი „გოეთეს ინსტიტუტი” უმასპინძლებს.
„როდესაც საქართველოში ერთი წლის წინ ჩამოვედი, მივხვდი თუ რამდენად მნიშნველოვანია ლიტერატურა ქვეყნისთვის. ეს ყოველთვის ასე იყო. ის საქართველოს ისტორიის ნაწილია. რა თქმა ლიტერატურული ფესტივალი აუცილებელია იმისთვის, რომ იყო ლიტერატურის ქვეყანა. მოხარული ვარ, რომ ფესტივალი გადარჩა და წელს კვლავ ტარდება. ჩვენთვის, „გოეთეს ინსტიტუტისთვის”, მნიშვნელოვანია გააგრძელოს პარტნიორების მხარდაჭერა. ასეთი ფესტივალები კი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ის გვაძლევს საშუალებას გავაძლიეროთ ქართული და გერმანული ურთიერთობები. „გოეთეს ინსტიტუტი” ფესტივალს არა მხოლოდ მასპინძლობს, არამედ ჩვენ ასევე მოვიწვიეთ სტუმრები გერმანიიდან, რომლებიც აქ ისაუბრებენ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის რედაქტირებაზე. ასევე ფესტივალზე ჩამოვიდა გერმანელი მწერალი ნობერტ ჰუმელტი“.
ფესტივალზე მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაესაუბროს ავტორებსა და გამომცემლებს, როგორც საქართველოდან, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალის ფარგლებში ამერიკელი მწერალი კლერ კაიზერი თავის წიგნს „ქართველი და საბჭოთა” წარადგენს.
„აქ მე წარვადგენ ჩემს წიგნს სახელწოდებით „ქართველი და საბჭოთა“. წიგნი საბჭოთა საქართველოზეა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს შეეხება. კვირას ქართველ მწერალთან ლაშა ბუღაძესთან ერთად სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებ, კერძოდ, საქართველოსა და სტალინზე და ამ ურთიერთობის თანამედროვე შედეგებზე. მოხარული ვარ ფესტივალზე ყოფნით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლიტერატურულ ფორუმზე მიწევს სიტყვით გამოსვლა, რადგან ძირითადად ისტორიკოსებთან ვთანამშრომლობ. ეს ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, კონტაქტი დავამყარო უფრო ფართო აუდიტორიასთან”, – ამბობს კლერ კაიზერი.
თბილისის საწერთაშორისო წიგნის ფესტივალი 27 სექტემბერს გაიხსნა და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალის დახურვის ღონისძიებას „მოძრაობის თეატრი” 30 სექტემბერს უმასპინძლებს.