მთავარისაქართველოსოხუმის დაცემის დღეს პოლიტიკოსებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას

სოხუმის დაცემის დღეს პოლიტიკოსებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას

27 სექტემბერი, როგორც სოხუმის დაცემისა დღე, საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება. ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მებრძოლთა ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები იკრიბებიან და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ. სამთავრობო შემადგენლობის უმაღლესმა პირებმა მემორიალური გვირგვინით მიაგეს პატივი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს. მთავრობის მეთაურმა სხვა საკითხებზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ უკრაინაში დაბომბილი ტაძრების პარტიულ სარეკლამო ბანერებზე გამოსახვა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. მისი თქმით, ამით მოსახლეობას ახსენებენ იმ მძიმე შედეგებს, რომლებიც ომს მოჰყვება.

„27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოსა და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება აუცილებლად ახდება.

მე მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ [ომის] კადრებს სხვადასხვა მიზნისთვის, მათ შორის, იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს, ზოგადად და რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022 წელს, 2023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“,- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის წარმომადგენლების გარდა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა. მათი თქმით, საქართველოს გამთლიანება მხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაციით არის შესაძლებელი და არა დასავლური ცივილიზაციისგან მოწყვეტით, რასაც მათი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება აპირებს.

„პირველ რიგში, არა ბოდიშს და კი ღირსებას, საქართველოს ერთიანობას, განვითარებას. ძალიან ახლოსაა, საქართველოს ტერიტორიული აღდგენის პროცესი, ოღონდ ეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოსახლეობას ევროკავშირის პასპორტი აუცილებლად ენდომებათ და ძალიან ახლოს ვართ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან. სირცხვილს, რომელიც ახლა ხელისუფლებაში გვყავს, ჩვენ ზუსტად ერთ თვეში ჩამოვირეცხავთ. აქ მობრძანებული იყო პრემიერ-მინისტრი და ბევრი სამარცხვინო რამ ილაპარაკა, საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, უღირსად მოიხსენიებს ჩვენს პატრიოტებს და ბოდიშს უხდის მტერს. 26 ოქტომბერს ამის გამო მათ აუცილებლად გავცემთ პასუხს, როცა „ოცნება” დამარცხდება.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გადის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, განვითარებასა და არა იზოლაციაზე, რომელიც „ქართულ ოცნებას” მოაქვს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ეს დღე გაიხსენეს ენგურის ხიდთან, საიდანაც საოკუპაციო ხაზი იწყება. თქვეს, რომ ქართველები ოკუპანტ რუსეთს საქართველოს რეგიონების ოკუპაციისთვის ბოდიშს არ მოუხდიან.

„დღეს ჩვენ აქ მოვედით ენგურის ხიდთან, რათა გავიხსენოთ ის ტრაგედია, რომელიც 31 წლის წინ მოხდა და რომელმაც დაყო ჩვენი ქვეყანა. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ თანავუგრძნოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სიცოცხლე შესწირა ამ უთანასწორო ბრძოლას და დაკარგა ოჯახის წევრი. ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ვთქვათ ძალიან ხმამაღლა, რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთმა გააღვივა ეს ომი და რუსეთს ბოდიშს არ მოუხდიან ჩემი მეგობრები, არც ნებისმიერი სხვა ქართველი და საქართველოს მოქალაქე, იმიტომ, რომ ყველა ომი, რომლებიც საქართველოში დაიწყო, არის რუსეთის მიერ პროვოცირებული“, – განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

სოხუმის დაცემის დღეს სახელმწიფო უწყებების შენობებთან აღმართულ საქართველოს სახელმწიფო დროშებს უშვებენ გარდაცვლილთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. მთავრობის ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტის სასახლესთან, პარლამენტსა და სხვა უწყებებთან ქვეყნის მასშტაბით დროშები დაეშვა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend