რუს სამხედროებს კვლავ მიაქვთ ავიაიერიში უკრაინულ ქალაქებზე. რეგიონის გუბერნატორმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა, რომ ზაპორიჟიაზე წინა ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 14 წლის ბიჭი.
უკრაინის საგანგებო სამსახურში ამბობენ, რომ ქალაქში 12 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, აუცილებელი გახდა 18 მოქალაქის ევაკუაცია.
გავრცელებულ კადრებში ჩანს სახლები, ჩამსხვრეული მინებითა და დაზიანებული კედლებით.
ივანო-ფრანკივსკზე დრონით მიტანილი იერიშის შედეგად ქალაქის ენერგოქსელი დაზიანდა. ქალაქის ოთხ ცენტრალურ და რამდენიმე მიმდებარე ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ქალაქის ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას ელექტროენერგია მინიმუმ ერთი დღით შეეზღუდება, ზოგიერთ მარშრუტზე ტროლეიბუსებიც შეწყვეტენ მოძრაობას.
უკრაინის საჰაერო დაცვის სისტემები დედაქალაქ კიევის თავზე ხუთი საათის განმავლობაში იგერიებდნენ რუსების რაკეტებსა და დრონებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 6 რაკეტა და 78 დრონი გაუშვა, მათი განცხადებით, თავდაცვის სისტემებმა 4 რაკეტა და 66 დრონი ჰაერში გაანადგურეს.