26 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი წარდგა. თავის განცხადებაში მან ისაუბრა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ დაძაბულობაზე და აღნიშნა, რომ ერევანსაც და ბაქოსაც თავისი სიმართლე აქვთ, მაგრამ ამაზე დავამ აქამდე მხოლოდ ომი და ტკივილი მოიტანა.
ფაშინიანის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულიად შესაძლებელი და ხელმისაწვდომია, რათა ურთიერთობები კვლავ ჩიხში არ შევიდეს. მან ისაუბრა რისკებზეც და განაცხადა, რომ აქამდე არ არსებულა ხელშეკრულება, რომელიც ქვეყნებს შორის დავას გადაჭრიდა, თუმცა ეს შეთანხმება იქნება უნიკალური და ყოვლისმომცველი. ეს შეთანხმება იქნება გარანტია, რათა მომავალში არცერთ მხარეს ტერიტორიული პრეტენზიები აღარ ჰქონდეთ.
„ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონებო და ბატონებო, ეს გაეროს გენერალურ ასამბლეაში ჩემი მეოთხე გამოსვლაა და სიტყვით გამოსვლა იქნება ძალიან განსხვავებული წინებისგან. წარსულში ჩემი საკვანძო გზავნილები შეეხებოდა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე ჩიხში შესვლას. თუმცა დღეს მინდა ვთქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება არათუ შესაძლებელი, არამედ რეალურად განხორციელებადია“, – აცხადებს ფაშინიანი.
„პატივცემული პრეზიდენტო. როგორც ხედავთ, მშვიდობა ახლოსაა და ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ გავწვდეთ და მივიღოთ. არც სომხეთისთვის, არც აზერბაიჯანისთვის ამის გაკეთება მარტივი არ იქნება, რადგან ორივეს ჩვენ-ჩვენი სიმართლე გვაქვს და ამ სიმართლეზე დებატებმა მტრობამდე, მსხვერპლამდე და ომებამდე მიგვიყვანა. ტკივილი ძალიან ღრმა და დიდია, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ მშვიდობაზე, რომელიც არის ერთადერთი გასაგები ჭეშმარიტება სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხისთვის. ეს ჭეშმარიტება ჩვენ თვალებს აგვიხელს და მტრობის წყაროს გააქრობს, რაც დაგვეხმარება გავიხედოთ მომავლისკენ“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.