თბილისში გამოჩნდა პარტია „ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერები წარწერით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა”. მათ შორის ერთ-ერთ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის ერთ-ერთ სოფელში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი – ფერადი.
ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები.
თბილისის ქუჩებში ბანერების განთავსებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში, ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ასევე კოალიცია „ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამაც დაწერა ამ თემაზე თავის ოფიციალურ სოციალურ ქსელში. კიდევ ერთი ოპოზიციური კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ლაშა ბაქრაძემაც გამოაქვეყნა ილუსტრაცია.
ქალაქის ქუჩებში გამოჩენილ ბანერებს ასევე ეხმაურებიან მოქალაქეებიც: „ერთი წამით წარმოიდგინეთ საქართველოში მცხოვრები უკრაინელები, რომ ხედავენ ამ ბანერებს ქუჩაში“.