მთავარისაქართველოსაარჩევნო სიების წარდგენის ვადა ამოიწურა

საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ამოიწურა

30 დღე რჩება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც პოლიტიკოსების, საერთაშორისო ექსპერტებისა თუ დიპლომატების მიერ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებადაა შეფასებული.

26 სექტემბრის 18:00 საათზე ამოიწურა ვადა ცესკოში საპარლამენტო სიების წარსადგენად. „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები, თუმცა არც 200-ს აღემატებოდეს.

ცესკოს ცნობით, საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებული 24 სუბიექტიდან საარჩევნო სიები მათგან მხოლოდ 19-მა შეიტანა. აქედან უკვე რეგისტრირებულია 1 პარტიის სია – „ევროპელი დემოკრატები“, რომლის ლიდერი პაატა დავითაიაა. დანარჩენი 18-ის კი არის შემოწმების პროცესში და 6 ოქტომბრამდე „ცესკო“ ვალდებულია დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნოს.

მმართველი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სია 170-კაციანია, ეს რაოდენობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას 20-ით აღემატება. მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში წელს ვერ მოხვდნენ არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია, რომლებიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერებად მიიჩნევიან. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის მათთან მიმდინარე კონსულტაციები. „ქართულ ოცნებაში“ რაიმე სახის განხეთქილებასა და დაპირისპირებაზე ცნობებს არ ადასტურებენ. მოქმედი დეპუტატებიდან, რომლებიც საარჩევნო სიის 50-ეულს მიღმა დარჩნენ, არიან ირაკლი ზარქუა, ნინო წილოსანი, დიტო სამხარაძე, ალუდა ღუდუშაური, გივი მიქანაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ლადო კახაძე, მარიამ ლაშხი და გურამ მაჭარაშვილი.

საქართველოში მოქმედი „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, თუ საპარლამენტო სიაში არიან ისეთი პირები, რომლებიც სახელისუფლებო თანამდებობებს იკავებენ, მათ დაკავებული პოზიციები 28 სექტემბრამდე უნდა დატოვონ. ეს რეგულაცია არ ვრცელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, თუმცა ვრცელდება მათ შორის მინისტრებსა და თვითმმართველობათა ხელმძღვანელებზე. ამ მიზეზით გუშინ, 25 სექტემბერს, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა დატოვა თეა წულუკიანმა, რომელიც „ოცნების“ საპარლამენტო სიის მეექვსე ნომერია.

მმართველ გუნდში დარწმუნებულნი არიან, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებენ.

„ჩვენ ობიექტური მოლოდინი გვაქვს არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების. არ გამოვრიცხავთ, რომ 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს. ეს შეიძლება ზედმეტად მოეჩვენოს ვიღაცას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პარტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, ოპოზიციიდან ბარიერს ვერ გადალახავს და ჩვენ რაც არის რეიტინგები, იმას მივიღებთ, საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ამიტომ, ვრცელი სია მოვიტანეთ. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებსა თუ გაერთიანებებს.

მმართველი გუნდის ოპონენტთა ფლანგზე საარჩევნო სიის პირველი 22 წევრი წარადგინა კოალიციამ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“. ცესკოში კი წარდგენილია 155-კაციანი სია. საპარლამენტო სიის სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავაა, მას მოჰყვებიან გიორგი ვაშაძე, სოფო ჯაფარიძე, კობა ნაყოფია და გია ჯაფარიძე. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კი სიის მე-14 ნომერია. კოალიციაში „ერთიანობა“ საპარლამენტო სიას „გამარჯვების სიას“ უწოდებენ და განმარტავენ, რომ ის „შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც ადრე არ იკავებდნენ რაიმე მაღალ საჯარო თანამდებობებს“ და სიაში დაცულია გენდერული ბალანსიც.

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” ცესკოში 155-კაციანი პარტიული სია წარადგინა. ამ სიაში არის პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავასა და დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ხედვა პარლამენტზე და ზოგადად, ხელისუფლებაზე. პარტიულ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ადრე არ იკავებდნენ რაიმე მაღალ საჯარო თანამდებობებს, ამ სიაში ბევრ ახალგაზრდას ვნახავთ, რომელიც თაობათა ცვლის პროცესზე მეტყველებს. ეს სია არის გამარჯვების, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომავალი პერსპექტივები. პარტიულ სიაში არის 155 კანდიდატი“, – განაცხადა კოალიცია „ერთიანობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

26 სექტემბერს საარჩევნო სია წარადგინა კოალიციამ „ძლიერი საქართველო“. მანამდე, 5 სექტემბერს, კოალიციამ წარადგინა საარჩევნო გეგმა სახელწოდებით „ილიას გზა“, რომელიც 9 რეფორმას მოიცავს. რაც შეეხება საპარლამენტო სიის პირველ ნომერს, პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეა. ასევე სიაში მოხვდნენ კოალიციაში შემავალი დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტების, „ხალხისთვის“, „მოქალაქეებისა“ და „თავისუფლების მოედნის“, ლიდერები ანა დოლიძე, ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პრეზენტაციაზე დეპუტატობის 26 კანდიდატი წარადგინეს. უნდა ითქვას, რომ საარჩევნო სიაში არ არის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც კოალიციას 25 სექტემბერს შეუერთდა. ასევე სიაში არაა დავით უსუფაშვილი, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი. ოპოზიციურ გაერთიანებაში ამბობენ, რომ მათი საპარლამენტო სია პროფესიონალი ადამიანებისგანაა შემდგარი და გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ბრძოლის პირობას დებენ.

„ჩვენ შევქმენით ძლიერი კოალიცია იმიტომ, რომ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში შევცვალოთ ის პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანა ბოლო 20 წლის განმავლობაში დახია უკან, პირველ რიგში, ჩვენ ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ იმ არჩევანზე, იმ ვექტორზე, რაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია-ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანი“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საპარლამენტო სიის წარდგენისას.

ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ცნობილი გახდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული. 25 სექტემბერს ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის საარჩევნო სიაში არ იქნება წარმოდგენილი. ამის მიზეზად კი ის ასახელებს ახალი სახეებისთვის ასპარეზის დათმობას. ახალ სახეებშია მისი განმარტებით, არა მხოლოდ ახალი თაობა, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც აქამდე პოლიტიკაში არ იყვნენ. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ სიის პირველი ნომერი 2023 წლის მარტში, ე.წ „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხიაა. კოალიციის ლიდერებიდან სიის პირველ სამეულში მეორე და მესამე ადგილებს იყოფენ ნიკა მელია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ხოლო ელენე ხოშტარია სიის მე-16 ნომერია. კოალიციაში აცხადებენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 100-კაციანი სია წარადგინეს. ლიდერების განმარტებით, მათი მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ არა ჩანაცვლება, არამედ ცვლილება იქნება, ხოლო სიაზე საუბრისას ისინი ამბობენ, რომ ის „ახალი, კეთილსინდისიერი ადამიანებისგანაა“ შემდგარი.

დეპუტატობის კანდიდატთა პირველი ათეული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. „ლეიბორისტული პარტიის” პირველი ნომერი სწორედ შალვა ნათელაშვილია, ასევე სიაში არიან გიორგი გუგავა – პარტიის პოლიტიკური მდივანი, ლაშა ჩხარტიშვილი – „ლეიბორისტული პარტიის” უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი და შალვა ნათელაშვილის შვილი ბექა ნათელაშვილი, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრიცაა.

საარჩევნო სიის პირველი ოცეული გამოაქვეყნა „პატრიოტთა ალიანსმაც“. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მათი საარჩევნო ნომრის ქვეშ გაერთიანებული არის პარტია „ალტ-ინფო“, რომელიც როგორც ცალკე პოლიტიკური სუბიექტი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა. „პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ სია ცესკოს რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს და მათი ერთობის დეკლარაციაზე 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ და 40-ზე მეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოაწერა ხელი. საპარლამენტო სიის ათეულშია „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი  ზურაბ მახარაძე. 16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ის „ანტიდემოკრატიული და ძალადობრივი ქმედებების გამო“ დაასანქცირა.

პარტიული სიების წარდგენის გარდა ცესკომ ასევე განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, უბნების ეს რაოდენობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გახსნილი უბნების რაოდენობას აღემატება.

იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend