„რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში რუსეთის სახელმწიფო ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს”, – ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ქვეყნის ბირთვულ დოქტრინაში შეტანილი ცვლილებების შესახებ საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ნებისმიერი თავდასხმა არაბირთვული სახელმწიფოს მიერ, რომელშიც რაიმე ფორმით მონაწილეობას მიიღებს ბირთვული ძალის მქონე ქვეყანა, „ერთობლივ თავდასხმად“ უნდა შეფასდეს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ყველა ეს საკითხი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან შეთანხმებულია.
კრემლის თანახმად, დოქტრინაში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის მხარდაჭერაში. ცვლილებები ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის მიერ ამ დრომდე ბირთვული არსენალის გამოყენებისთვის დაწესებულ ბარიერებს.
„დოქტრინის განახლებულ რედაქციაში ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ აგრესია, რომელშიც მონაწილეობენ, ან ეხმარებიან ბირთვული სახელმწიფოები, უნდა განიხილებოდეს როგორც მათი ერთობლივი თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე.
დოკუმენტში ნათლად არის აღწერილი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადასვლის პირობები. ჩვენ განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას უკვე მაშინ, როდესაც მივიღებთ სანდო ინფორმაციას საჰაერო კოსმოსური თავდასხმის საშუალებების მასობრივი გაშვებისა და ჩვენი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. ვგულისხმობ სტრატეგიულ ან ტაქტიკურ თვითმფრინავებს, ფრთოსან რაკეტებს, უპილოტო თვითმფრინავებს, ჰიპერბგერით და სხვა თვითმფრინავებს.
რუსეთისა და ბელარუსის, როგორც მოკავშირე სახელმწიფოს, წინააღმდეგ მიმართული აგრესიის შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი. ყველა ეს საკითხი შეთანხმებულია ბელარუსის პრეზიდენტთან. მტერს პასუხს ვაგებინებთ იმ შემთხვევაშიც, თუ ის გამოიყენებს ჩვეულებრივ იარაღს და ჩვენს სუვერენიტეტს კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
ექსპერტების თანახმად, მიზანმიმართული ბუნდოვანება რუსეთს გზას უხსნის, ნებისმიერ საჰაერო თავდასხმას ბირთვული იარაღით უპასუხოს.
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებები რიგი ქვეყნების მიმართ ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენს – რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ ფორმით რუსეთის ან ბელარუსის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმაში მიიღებენ მონაწილეობას.
„ეს არის გზავნილი ქვეყნების მიმართ, რა შედეგები მოჰყვება ჩვენზე სხვადასხვა ფორმით თავდასხმას, არა მხოლოდ ბირთვული იარაღით. სახელმწიფოების ფხიზელ მეთაურებს, პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებს უკვე კარგად ესმით, თუ რამდენად სერიოზულია პრეზიდენტ პუტინის განცხადებები. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება უპრეცედენტო დაპირისპირებას, რომელიც დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის, ბირთვული იარაღით შეიარაღებული ქვეყნების, უკრაინის კონფლიქტში უშუალო მონაწილეობით არის პროვოცირებული“, – ამბობს დიმიტრი პესკოვი, კრემლის პრესმდივანი.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ჯარები გაგზავნა, იგი არაერთხელ დაემუქრა დასავლეთს საკუთარი ქვეყნის ბირთვული არსენალით, რათა კიევისადმი მხარდაჭერის გაძლიერება შეეფერხებინა.
Important meeting with my good friend President @ZelenskyyUa at #UNGA in New York. We agree that #Ukraine’s future is in #NATO. We will continue to work together to bring that day closer, and to help Ukraine prevail in its fight for freedom. pic.twitter.com/bKUwMUdtcg
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) September 25, 2024
ამასთან ერთად, ბირთვული დოქტრინის გადასინჯვამდე, ვლადიმერ პუტინმა აშშ და ნატოს სხვა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ომის წამოწყების ტოლფასია უკრაინისთვის დასავლეთის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო შეიარაღების გამოყენების უფლების მიცემა.