მთავარისაქართველოირაკლი კობახიძის გზავნილები გაეროს ტრიბუნიდან და პოლიტიკური შეფასებები

ირაკლი კობახიძის გზავნილები გაეროს ტრიბუნიდან და პოლიტიკური შეფასებები

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, როგორც მთავრობის მეთაური, პირველად წარდგა. პრემიერმა თავის სიტყვაში მთავარი აქცენტები მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა. ისაუბრა საქართველოს განვითარებაზე, რეგიონში ჩვენი ქვეყნის როლსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევებზე. ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებსაც მიმართა და მშვიდობით შერიგებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავძლიოთ ჩვენ წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა და გავხდეთ უფრო ძლიერნი და წარმატებულნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება. ვიყურებით რა მომავალში და, ამავე დროს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ერთგულად ვემსახურებით აყვავებული საზოგადოების შექმნის იდეას, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული მშვიდობის დასამყარებელი ზომების მხარდასაჭერად და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ გზით კი, ჩვენ ავამაღლებთ ადამიანის ღირსებას არა მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელი მოქალაქეებისთვის, არამედ ყველა მომავალი თაობის საკეთილდღეოდ.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და, რა თქმა უნდა, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პლატფორმა გამოვიყენეთ ამ თემაზე სასაუბროდ. ჩვენ მივმართეთ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზს მიღმა და ჩვენი მთავარი მოწოდება არის ის, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ერთიან, მშვიდობიან, განვითარებულ საქართველოში და ეს გზავნილი კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა გავიმეოროთ. ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, რა თქმა უნდა, ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა.

გვესმის, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება ამჟამად უკრაინა და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ხელი შევუწყვეთ, შევუერთდით, მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკესა და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად. ასევე საქართველოს მთავრობა ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერს თავის გამოსვლაში არ უხსენებია ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ სიტყვა ოკუპაციაში რუსეთი იგულისხმება, როგორც ოკუპანტი და ირაკლი კობახიძის მხრიდან ამაზე ხაზგასმა არ მოხდა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მთავრობის მეთაურის გამოსვლისას „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, ამჯერად, საერთაშორისო ტრიბუნიდანაც გაესვა ხაზი.

„გუშინაც ვიხილეთ, რომ ერთ-ერთ უმაღლეს ტრიბუნაზე პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუჟღერა მთელ მსოფლიოს, თუ სად ვდგავართ, სად მივდივართ, რა სტრატეგია გვაქვს და რეალურად როგორ მუშაობს მშვიდობაზე დაყრდნობილი სტრატეგია, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, არამედ რეგიონულ ჭრილშიც. ის, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ამაში იგულისხმება, რომ რუსეთზეა საუბარი. არ არის აუცილებელი ზედმეტი ხაზგასმა”, – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კირცხალია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრემიერის მიერ წარმოთქმულ სიტყვას არაფრის მომცემს უწოდებენ. მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძემ ანტიდასავლური რიტორიკა გაეროს ტრიბუნიდანაც გააგრძელა და ამჯერადაც, მტერს მტრის სახელი ვერ დაარქვა.

„კაცი, რომელსაც ეშინია დაარქვას მტერს სახელი (და ეს სიახლე არ არის „ქართული ოცნების” მხრიდან), კაცი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ნამდვილი მეგობრები მტრად გამოეცხადებინა, ამ ვითარებაში ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ის უშინაარსო და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება, რითაც გამოვიდა კობახიძე გაეროში. ის ცდილობს, საქართველოს როლი წარმოაჩინოს რეგიონში მშვიდობის მთავარ დამცველად, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის უქმნის მშვიდობას საფრთხეს, მაშინ როდესაც, საქართველოს აშორებს დასავლეთს და ერთი ერთზე, მარტო ტოვებს ოკუპანტ ძალასთან. ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება“, – განაცხადა „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროში წლიური შეხვედრების ფორმატში რამდენიმე ღონისძიებას დაესწრო.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ყოველწლიური სესია მსოფლიო ლიდერების გამოსვლას ეთმობა. მსოფლიოში მიმდინარე რამდენიმე ომის ფონზე წინა წლების მსგავსად გაეროში გამომსვლელების მხრიდან მშვიდობაზე საუბარი წამყვანი თემა იყო.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend