საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ვიზიტი გაუუქმეს. პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი ამ გადაწყვეტილებას არასერიოზულს უწოდებს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, შეერთებული შტატების მხრიდან მსგავსი ქმედებები ინდიკატორია, „თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაშია ქართული ოპოზიცია“.
„უპირველესად, ეს არის ამერიკისა და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან.
იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, სალაპარაკო თემა მისცეს. ესეც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის. ამ საქციელს ვერანაირად ვერ შევაფასებ. ამდენი წელია ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან. მინიმუმ ეს შეეძლოთ წაეღოთ ჩვენი ხალხისგან. როგორც ჩანს, ესეც ვერ გავუზიარეთ სათანადოდ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესია მიმდინარეობს. მსოფლიო ლიდერები შეერთებულ შტატებში სწორედ ამ სესიის ფარგლებში არიან შეკრებილნი. ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 25 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებთან ტრადიციული მიღება აქვს ჩანიშნული. მათ რიგებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაც უნდა ყოფილიყო, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის, არამედ ქართული დელეგაციის სრული შემადგენლობისთვის გააუქმა.