ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ზაპორიჟიაზე მორიგი იერიში მიიტანა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი კი დაიჭრა.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ოკუპანტები ზედიზედ მეორე ღამეა პლანირებად ბომბებს უშვებენ სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქში. თავდასხმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა 40-ამდე მაღალსართულიანი კორპუსი და სხვა საცხოვრებელი სახლები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სახურავი ჩამონგრეულია, ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები, კონსტრუქცია დაზიანებულია, ცხოველებიც გაიქცნენ. მოქალაქეებმა სტვენის ხმა რომ გაიგეს, მაშინვე მიწაზე დაეცნენ.
რუსების მიერ ქალაქ ხარკივში საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი იერიშის შედეგად სამი მოქალაქე დაიღუპა, 30 კი დაიჭრა. ქალაქის მერის ინფორმაციით, შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რომლებიც, ფაქტობრივად, დასრულებული იყო. კადრებში ჩანს, რა მასშტაბის ზიანი მიადგა საცხოვრებელი კორპუსის ცენტრალურ ნაწილს.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თავდასხმა პლანირებადი ბომბით განხორციელდა. სამაშველო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მათივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ რუს სამხედროებთან და განდევნეს ისინი უკრაინის ვოვჩანსკის დასახლებიდან, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში ოკუპირებული იყო.
ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელთა მიერ საზღვრისპირა სოფლის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მათი საბრძოლო თვითმფრინავები აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს კურსკის რეგიონში, სადაც ახლა ბრძოლები მიმდინარეობს.