კრემლი კვლავ აგრძელებს პოლიტიკური თამაშს საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიებით. თავდაპირველად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს იყო, განაცხადა, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა აღიაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა შეთანხმებას, რომელთა მიხედვითაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მშვიდობა და არ განახლდეს საომარი მოქმედებები. მისივე განცხადებით, ოს ხალხს უნდა დაუბრუნდეს თრუსოს ხეობა და გუდაურის მიდამოები. ამ განცხადებიდან სულ მალე რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია და ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო ტრიბუნიდან არაერთხელ განაცხადეს, რომ ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალისმიერი მეთოდებით არ აპირებს. მიუხედავად ამისა, რუსეთი წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ თბილისს, დე-ფაქტო ხელისუფლებებთან თავდაუსხმელობის აქტი გაეფორმებინა.
„საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირის 27 სახელმწიფოსთან ასოცირების ხელშეკრულებას, სადაც ყველა ამ ქვეყანასთან ცალკე ხელმოწერილ დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს ვალდებულება – არავითარ შემთხვევაში ძალა არ გამოიყენოს კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით. მიუხედავად ამისა, საქართველოსგან ითხოვენ ორმხრივ, ცხინვალსა და სოხუმთან ამ ტიპის შეთანხმების ხელმოწერას“, – აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
რატომ შეიძლება ცდილობდეს მოსკოვი ამ იდეის საქართველოსთვის თავსმოხვევას მაშინ, როცა კრემლის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ათობით ახალი რუსული ბაზაა?!
„მისი (კრემლის) მცდელობა მიდის იქითკენ, რომ თავად გაემიჯნოს ამ კონფლიქტს. ვითომ არაფერ შუაშია და თავის მოქალაქეების ინტერესების დაცვის მეტი იქ არაფერი გაუკეთებია… წარმოაჩინოს ეს როგორც ორმხრივი – ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური პრობლემატიკა მაშინ, როდესაც ერთგანაც და მეორეგანაც რუსის ჯარი დგას. მის მიერ არის ოკუპირებული. მის მიერ არის გამოცხადებული დამოუკიდებლობა“, – ამბობს კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი.
2008 წლის ომის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ექვსპუნქტიანი გეგმის მეხუთე პუნქტი ითვალისწინებდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე დაბრუნებულიყვნენ, რაც არ შესრულდა, მეტიც. კრემლმა სამხედრო ძალა გაზარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ექსპერტების შეფასებით, სანამ რუსული სამხედრო ძალა საქართველოს ტერიტორიაზეა, სხვა ტიპის შეთანხმების გაფორმებას არავითარი აზრი არ აქვს.
„აღასრულოს ჯერ რუსეთმა ის გადაწყვეტილებები, რაც საერთაშორისო დაწესებულებებს აქვთ მიღებული. გადაუხადოს კომპენსაცია დაზარალებულებს… ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ ლაპარაკი, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩვენი პარტნიორების ჩართულობითა და მხარდაჭერით, თუ რა ფორმაზე შეგვიძლია სამომავლოდ ვიმსჯელოთ“, – აცხადებს პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი ირინე ქურდაძე.
ამ ვითარებას კი ფონად გასდევს პერიოდული საინფორმაციო კამპანია, რომელიც განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ გააქტიურდა. კონფლიქტოლოგები ამის მიზეზად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის გაზრდილ გავლენას ასახელებენ. ეს ყველაფერი გარკვეული საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც, კონფლიქტოლოგების აზრით, ნამდვილად ყურადღებამისაქცევია.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ტერიტორიულ პრეტენზიებზე მხოლოდ არაოფიციალურ დონეზე ისაუბრეს. კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა ეს საკითხი რა თქმა უნდა საყურადღებოა. ბოლო პერიოდში კრემლს პრობლემები შეექმნა ოკუპირებულ რეგიონებში. როგორც ჩანს, მოსკოვს დამატებითი ბერკეტები სჭირდება, რათა გავლენა გააძლიეროს თბილისზეც და ასევე სოხუმსა და ცხინვალზე. და კვლავ… რთულია კონფლიქტის გადაჭრის გზების დაძებნა იმ დროს, როდესაც ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ამდენი რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული.