საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევის შესახებ.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყნის გარედან წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის სიხშირე და სიმძაფრე იმატებს, რაც „აჩენს კითხვებს იმის თაობაზე, ხომ არ არის ეს მოსახლეობის პოლიტიკურ არჩევანზე ზეგავლენისა და მანიპულაციის მცდელობა”.
პარლამენტის თავმჯდომარემ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე ასევე წარადგინა მედიამონიტორინგის შედეგები და განაცხადა, რომ ქართული მედია „დაკავებულია უცხოეთიდან მომდინარე მოსაზრებების გავრცელებით”.
ამავე მედიამონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, მან თქვა, რომ ბოლო 21 დღის განმავლობაში რუსეთიდან მოისმინეს მხოლოდ ერთი განცხადება, რომელიც არჩევნებზე ზეგავლენის მაგალითია, ხოლო დასავლეთიდან კი – 90.
მისივე განცხადებით, ეს საარჩევნო გარემოს არათანაბარს ხდის და მის დემოკრატიულობასა და სამართლიანობაზე ნეგატიურად აისახება.
„ხელისუფლების არჩევა ხალხის პრივილეგიაა და არა უცხოეთის მოქალაქეების უფლება-მოვალეობა, თუნდაც, ისინი პარტნიორები იყვნენ. ამგვარი ჩარევა გავლენას ახდენს არჩევნების სამართლიან და თანაბარ პირობებში ჩატარებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და მოუწოდა პარტნიორებს, არ ჩაერიონ წინასაარჩევნო პროცესებში.