მთავარიბიზნესი„ქალები ბიზნესში“ - თბილისში ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს

„ქალები ბიზნესში“ – თბილისში ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს

„ქალები ბიზნესში” ასე ჰქვია ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც დღეს, 24 სექტემბერს თბილისში ტარდება.

პანელური დისკუსიის პირველი ნაწილის სახელწოდებაა “ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პერსპექტივები საერთაშორისო სექტორში”, რომელსაც 9 გამომსვლელი ეყოლება.

ფორუმის ფარგლებში, სხვადასხვა ფორმატში განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის საქართველოში, შესაძლებლობები და გამოწვევები ამ კუთხით. დისკუსიები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს და მის ფარგლებში საკუთარ გამოცდილებას აზიარებენ ორგანიზაციის “ქალები მომავლისთვის” წარმომადგენლები.

ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო საფინანსო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

„ტარდება პირველი, საკმაოდ მასშტაბური ეკონომიკური პროექტი. 300 ადამიანი დარეგისტრირდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისთვის, ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად და მის განსავითარებლად. ფორუმის მიზანია, გავიგოთ, სად და რა შესაძლებლობები არსებობს ქვეყანაში. სწორედ ამ თემას გავშლით დეტალურად და ვისაუბრებთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან დაკავშირებით“, – ამბობს ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ ხელმძღვანელი, ნინა კობახიძე.

ფორუმის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები იმ საგრანტო თუ თანადაფინანსების პროექტებზე ისაუბრებენ, რომლებიც საქართველოში სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება ან სამომავლოდ იგეგმება.

ღონისძიებაზე ასევე დაგეგმილია წარმატებული ქალების მოკლე გამოსვლები სახელწოდებით – „მარცხი = შესაძლებლობას”. სპიკერები საკუთარ გამოცდილებას აზიარებენ და ჰყვებიან როგორ აქციეს მარცხი ახალ გამოცდილებად.

ეკონომიკურ ფორუმს დაასრულებს ქოუჩინგის სესია – “საჯარო გამოსვლის ტექნიკები”, რომელში ჩართვაც ღონისძიების ყველა მონაწილეს შეეძლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend