ატომური ბომბები პოპულარულ კულტურაში დიდი ხანია მიიჩნევა თავდაცვის ერთ-ერთ საიმედო მეთოდად, თუ მოულოდნელად შევიტყობთ, რომ დედამიწისკენ დიდი ზომის ასტეროიდი მოემართება.
ახლა კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და გამოცადეს, რეალურად შეძლებს თუ არა ბირთვული იარაღი მსოფლიოს გადარჩენას და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ ქმედებას.
სანდიას ეროვნული ლაბორატორიის ფიზიკოსებმა, რომელთა მთავარი საქმე ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული არსენალის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ნანოწამის მასშტაბით შეისწავლეს, რა გავლენას მოახდენს ასტეროიდზე ბირთვული აფეთქებისას გამოთავისუფლებული ენერგია.
კვლევის მიხედვით, ასეთი აფეთქების დროს გამოთავისუფლებული ენერგია იმდენად მასშტაბურია, რომ ასტეროიდის ზედაპირის ტემპერატურა ამ დროს ათეულობით ათას გრადუს ცელსიუსს აღწევს. აფეთქებისას წარმოიქმნება აირის სფერო, რომელიც სწრაფად იზრდება და შესწევს უნარი, რომ ასტეროიდს ტრაექტორია შეუცვალოს.
სწორად ჩატარებული გამოთვლების და შესაბამისი სიმძლავრის შერჩევის შემთხვევაში აფეთქება საკმარისი უნდა იყოს მოსალოდნელი აპოკალიფსის შესაჩერებლად.
დედამიწის ისტორიის განმავლობაში პლანეტაზე გამანადგურებელი ასტეროიდების დაცემა იშვიათი მოვლენაა, თუმცა საფრთხე სერიოზულია. 66 მილიონი წლის წინ სწორედ ასტეროიდი გახდა დინოზავრების ეპოქის დასასრულის დასაწყისი. ამ ასტეროიდის ზომა სიგანეში დაახლოებით 10 კილომეტრს შეადგენდა, თუმცა საფრთხეს წარმოადგენენ უფრო მცირე ზომის კოსმოსური ქვებიც. მაგალითად, 2013 წელს რუსეთში, ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე დაახლოებით 20 მეტრის სიდიდის ასტეროიდი აფეთქდა, რა დროსაც 1200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
საფრთხის სერიოზულობიდან გამომდინარე, მეცნიერები დიდი ხანია იკვლევენ, როგორ შეიძლება დავიცვათ დედამიწა კოსმოსური შეჯახებებისგან.
2022 წელს NASA-მ მისია Dart-ის ფარგლებში ასტეროიდების ტრაექტორიის შეცვლისთვის კინეტიკური ტექნოლოგია გამოცადა. გაირკვა, რომ სპეციალური ზონდის შეჯახებას შეუძლია ასტეროიდს მიმართულება შეუცვალოს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ტრაექტორიის შეცვლას წლები სჭირდება, რაც ნაკლებად ხელსაყრელია.
ბირთვული იარაღის გამოყენება განიხილება უფრო დიდი ასტეროიდების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეჯახებამდე ცოტა დროა დარჩენილი.
მეცნიერების თქმით, ამ მეთოდით 4 კილომეტრამდე სიდიდის ასტეროიდების ტრაექტორიის ცვლილებაა შესაძლებელი, თუმცა ისინი დასძენენ, რომ საკმარისი დროის არსებობის შემთხვევაში ატომური იარაღით უფრო დიდი ასტეროიდების მოგერიებაც არის შესაძლებელი.