ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ისრაელს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამწვავებაში სდებს ბრალს.
23 სექტემბერს აშშ-ში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანს ომში ჩათრევის მიზნით „მახეს” უგებს.
ამავდროულად, ისრაელი ტერორისტულ სამიზნეებს მთელი ლიბანის მასშტაბით ბომბავს, თავს ესხმის სამხედრო მეთაურებს ბეირუთში. ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ისვრის რაკეტებსა და უპილოტო თვითმფრინავებს ლიბანის სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლა”, იწვის შენობები და მანქანები.
თუმცა არსებულ დაპირისპირებას ომს ჯერჯერობით არავინ უწოდებს.
ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „ჰეზბოლასთან” ომი მათ მიზანს არ წარმოადგენს და ფიქრობენ, რომ მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება, თუ სამხედრო დაჯგუფება უკან დაიხევს. პირველ დებულებას იზიარებს „ჰეზბოლაც”, ამბობენ, რომ ომი არ სურთ, თუმცა ყველაფრისთვის მზად არიან და ისრაელზე თავდასხმას განაგრძობენ.
ექსპერტების თანახმად, კონფლიქტის აღსაწერად სიტყვა ომი სახმელეთო ოპერაციების ნაკლებობის გამო არ გამოიყენება, თუმცა სადავოა, თუ რამდენად მართებულია მსგავსი შეფასება.
ისრაელმა ომი ოფიციალურად ღაზაში ჯარების გაგზავნამდე თითქმის სამი კვირით ადრე გამოაცხადა. თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება სამხრეთ ლიბანში ტანკებისა და ჯარების გაგზავნის შესახებ მკვეთრ ესკალაციას გამოიწვევს და კონფლიქტის ომად კლასიფიკაციამდე მიიყვანს.
სავარაუდოა, რომ ლიბანი სახმელეთო შემოჭრას საკუთარი სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად და ომის დაწყებად ჩათვლის, თუმცა ბეირუთი უკვე ადანაშაულებს ისრაელს საჰაერო სივრცის დარღვევაში და საზღვრის გასწვრივ არსებული სადავო ტერიტორიის ოკუპაციაში.
„ვფიქრობ, ომში პირველი დღიდანვე რეგიონის არაერთი ქვეყანაა ჩართული. არ უნდა დავივიწყოთ, რომ „ჰეზბოლა“ კონფლიქტში „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის მეორე დღეს ჩაერთო. „ჰეზბოლას“ ომი შეზღუდული ომი იყო. აქამდე, ორივე მხარე გარკვეულ წესებს იცავდა. ყველაფერი მასშტაბისა და ინტენსივობის საკითხია. საკითხავია, უნდა გარისკონ თუ არა სხვა ჩართულმა მხარეებმა, ლიბანმა, იემენმა, დაემსგავსონ ღაზას ისრაელთან ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ? იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. „ჰეზბოლას“ მსგავს მცირე, კარგად ორგანიზებულ ჯგუფებს, შიდა ფრონტზე უპირატესობა აქვთ. ასე იქნება თუ ისრაელი კვალ შეიჭრება სამხრეთ ლიბანში. ვფიქრობ, ორივე მხარის უსაფრთხოებისთვის საუკეთესო გზა დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაა“, – ამბობს ადნან ნასერი, საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი და ჟურნალისტი.
ისტორიაში არაერთი მაგალითი გვხვდება, როდესაც სახელმწიფოები, მიუხედავად აშკარა ჩართულობისა, ომის ოფიციალურად გამოცხადებისგან თავს იკავებდნენ. რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან აგრესიას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და ქვეყანაში კონფლიქტის საჯაროდ ომად მოხსენიება აკრძალულია.
ფორმალურად ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არც აშშ-ს გამოუცხადებია, თუმცა ჩართული იყო არაერთ დიდ კონფლიქტში კორეაში, ვიეტნამში, ერაყსა და ავღანეთში.
კონფლიქტის მკვეთრი გამწვავების ფონზე აშშ დამატებით ძალებს ახლო აღმოსავლეთშიც გზავნის. ამერიკას რეგიონში ამჟამად 40 000-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული.
I spoke with Israeli Minister of Defense Yoav Gallant yesterday and expressed my support for Israel’s right to defend itself from Lebanese Hizballah attacks and the importance of finding a diplomatic solution to enable the safe return of Israeli citizens to their homes in the…
— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) September 22, 2024
ხოლო, პენტაგონის პრესმდივნის, გენერალ-მაიორ პეტ რაიდერის თქმით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა 22 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრთან იოავ გალანტთან სატელეფონო საუბრისას მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ „მიზანმიმართული რჩება საკუთარი ძალებისა და თანამშრომლების დაცვაში და ნებისმიერი რეგიონული ძალის შეკავებაში, რომ ვითარება სათავისოდ არ გამოიყენონ, ან კონფლიქტი არ გაფართოვდეს”.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ისრაელი და „ჰეზბოლა“ ომის ოფიციალურად გამოცხადებისგან თავს გარკვეულწილად იმის გამო იკავებენ, რომ სურთ საკუთარ მიზნებს უფრო მწვავე კონფლიქტის გაჩაღების გარეშე მიაღწიონ, მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყანა 1948 წლიდან მოყოლებული ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაშია.
23 სექტემბერს ისრაელის საჰაერო შეტევას 270-ზე მეტი ლიბანელი შეეწირა. ეს 2006 წლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ყველაზე მასშტაბური შეტაკება იყო. თუმცა ექსპერტები თანხმდებიან, რომ მომავალში ნებისმიერი ომი ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის 2006 წლის დაპირისპირებასთან შედარებით ბევრად მასშტაბური იქნება.