მთავარისაქართველოანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება

ანტიკორუფციულმა ბიურომ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის, „აირჩიე ევროპა” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, დირექტორები – ეკა გიგაური და ხათუნა ლაგაზიძე „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებად” გამოაცხადა და ფინანსური ანგარიშების წარდგენის ვალდებულება დააკისრა.

რაჟდენ კუპრაშვილის განმარტებით, ანტიკორუფციული ბიუროს სიაში შეყვანილი ფიზიკური პირები და არასამთავრობო ორგანიზაციები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ. მონიტორინგის თანახმად, როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, მათ მიერ დასახელებული ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის ან პირიქით, მხარდაჭერისგან თავშეკავების მიზანს, რისთვისაც, ბიუროს შეფასებით, გამოყენებულია როგორც ადამიანური, ისე მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, პრეზენტაციები და სხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც ფინანსურ ხარჯთანაა დაკავშირებული და შეადგენს 100 000 ლარზე მეტს. ეს ფაქტები კი, ბიუროს შეფასებით, უტყუარია. ხარჯების წარმოსადგენად ჩამოთვლილ პირებსა და ორგანიზაციებს 5-დღიანი ვადა მიეცათ.

როგორც ცნობილია, ვადის ამოწურვის შემდეგ ანტიკორუფციული ბიურო დამატებით ზომებს მიმართავს და აღნიშნული ორგანიზაციების ხარჯებს, მონიტორინგის შედეგად, თავად დაითვლის, რის უფლებასაც, მისი შეფასებით, არსებული კანონმდებლობა იძლევა.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა შეფასებები. პირველ რიგში ერთ-ერთი იმ ორგანიზაციიდან, რომელსაც შეეხო ეს გადაწყვეტილება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ გადაწყვეტილებას იურიდიულ საფუძველს მოკლებულს უწოდებენ და გეგმავენ, დამატებითი სამართლებრივი ნაბიჯები გადადგან. „საია” და „სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებენ ანტიკორუფციულ ბიუროს, შეწყვიტოს კანონის თვითნებური გამოყენება და იმოქმედოს საკუთარი მანდატის ფარგლებში.

გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ პოლიტიკურ ფლანგზეც. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონი ყველასთვის უზენაესი უნდა იყოს და არაკონსტიტუციურს ამ გადაწყვეტილებაში ვერაფერს ხედავენ. რაც შეეხება ოპოზიციას, „ქართული ოცნების“ ოპონენტების შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი არის პარტიული გადაწყვეტილება, რომელიც საფრთხეს შეიცავს, რადგან, როგორც ოპოზიციაში განმარტავენ, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ფარგლებში მოქმედებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend