23 სექტემბერს თბილისის რეგიონული სტაბილურობის საერთაშორისო ფორუმი: “შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება ახალი საფრთხეების და ცვალებადი გარემოს პირობებში – მომავლის ხედვა შავი ზღვის რეგიონისთვის” გაიმართა.
ფორუმზე განიხილეს რეგიონში არსებული ბირთვული გამოწვევები, საფრთხეები და მასთან გამკლავების პროცესში თანამშრომლობის შესაძლებლობები. ფორუმზე იმსჯელეს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რადიაციული რისკების მატებასა და ამ საფრთხის შეკავების აუცილებლობას.
საერთაშორისო ფორუმს ესწრებოდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები. ფორუმზე იმყოფებოდა ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ანტონი ბრუნველიც.
“უკვე ათი წელია ეს ფორუმი ეწყობა. მისი მხარდაჭერები არიან შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. ეს არის ერთადერთი მსგავს საკითხებზე საერთაშორისო პლატფორმა, სადისკუსიო პლატფორმა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ამ დარგში მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები. დღეს, როდესაც მიმდინარეობს უკრაინაში ომი, როდესაც ბირთვული ობიექტები არის საფრთხის წინაშე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე მსჯელობა და საერთაშორისო თანამშრომლობა. თანამშრომლობასა და დისკუსიას ამ საკითხებთან დაკავშირებით ალტერნატივა არ აქვს და ძალიან გვიხარია, რომ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენთან ერთად ასეთი წარმომადგენლობა გვყავს საერთაშორისო ექსპერტები, შვედეთისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები. მათთვის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაუვრცელებლობის საკითხებზე მსჯელობა და იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც გვაქვს აღებული”, – აცხადებს ფორუმის ინიციატორი შორენა ლორთქიფანიძე.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია, რადგან დღეს ჩვენ მომსწრე ვართ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გაყოფის. კერძოდ, რუსეთისა და დანარჩენი ევროპის. რუსეთისგან წამოსული საფრთხეები იზრდება და გამოწვევების წინაშე დგანან წინა ხაზზე მყოფი მოსაზღვრე სახელმწიფოები. ჩვენ ყველა საერთო პრობლემის წინაშე ვართ და რისკები კიდევ უფრო იზრდება, სწორედ ამიტომ არის ეს ფორუმი ასეთი მნიშვნელოვანი. განვიხილოთ როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს, ვიმსჯელოთ თანამშრომლობის შესაძლო გზებზე – სწორედ ამიტომ ვართ აქ“, – ამბობს ბოლინა სინოვეცი.
კომენტარი გააკეთა ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემაც.
„ძალიან კარგია, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება ვისაუბროთ ამ კონფერენციაზე, რადგან ბირთვული უსაფრთხოება არის საკვანძო საკითხი NATO-ს უსაფრთხოების გეგმისა. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს საშუალება, მოვისმინოთ, რას ფიქრობენ ექსპერტები, რა გამოწვევებზე გვესაუბრებიან ისინი. აგრეთვე, ჩვენ შევძლებთ, გავუზიაროთ NATO-ს პოლიტიკაც ამ საკითხზე, რადგან რეგიონი ნამდვილად სერიოზული გამოწვევების წინაშეა“, – აცხადებს ანტონი ბრუნველი.
თბილისის რეგიონული სტაბილურობის საერთაშორისო ფორუმი სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა.