საქართველოს პრემიერ -მინისტრი ირაკლი კობახიძე „მომავლის სამიტზე“ სიტყვით გამოვიდა.
სამიტზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში ტარდება, საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „მშვიდობა და უსაფრთხოება ადამიანის უფლებების დაცვისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის აუცილებელია“.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ სამიტმა საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად პლატფორმა შექმნა და ახლა მთავარი ამოცანა ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკულად განხორციელება იქნება. მან ისაუბრა „მომავლის პაქტზეც“, 42 გვერდიან დოკუმენტზე, რომელიც კლიმატის ცვლილებსა და ხელოვნურ ინტელექტთან, მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებთან, უთანასწორობასა და სიღარიბესთან დაკავშირებულ გამოწვევებს უკავშირდება და რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 193 ქვეყნის ლიდერებს დაპირებების რეალურ ნაბიჯებად ქცევისკენ მოუწოდებს. პაქტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სამიტის ფარგლებში მიიღო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი გლობალურ უსაფრთხოებასა და მშვიდობას შეუწყობს ხელს.
”თანამედროვე სამყაროში, რომელიც უფრო კომპლექსური და სწრაფად განვითარებადია, სამართლიანი მომავლის მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია, პანდემიის შედეგებიდან დაწყებული, კონფლიქტებითა და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებით დამთავრებული.
გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებამ აჩვენა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მხოლოდ 17%-ია მიღწეული, რაც ჩვენგან მეტ აქტიურობას მოითხოვს. ამ კონტექსტში, მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად. საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს ამ მიზნების მისაღწევად, რათა შესრულდეს 2030 წლის მიზნები.
მომავლის პაქტი გვაძლევს შანსს, სამიტის წარმატება მნიშვნელოვან ცვლილებებად ვაქციოთ, რაც მომავალ თაობებს უკეთეს მომავალს მოუტანს. ჩვენ მივესალმებით პაქტის დამტკიცებას და ველით მის სწრაფ განხორციელებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
25 სექტემბერს ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზეც. გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და სხვა მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრებს.