მთავარიაზიაირანიქალების ცხოვრება ირანში, „რეჟიმის ტყვეობაში"

ქალების ცხოვრება ირანში, „რეჟიმის ტყვეობაში”

საქართველოში მცხოვრები ირანელები აღწერენ, თუ როგორია ცხოვრება ირანში, „რეჟიმის ტყვეობაში”.

„მე, როგორც ირანში დაბადებულ გოგონას ძალიან ბევრი ცუდი მოგონება მაქვს. როდესაც ოჯახში გოგონა ჩნდება, მას ჯერ სახლში ზღუდავენ, შემდეგ სკოლაში, ქუჩაში, საზოგადოებაში, სამსახურსა და შემდეგ კვლავ სახლში. სამწუხაროდ, ირანში ქალებისთვის უსაფრთხო ადგილი არ არსებობს.

ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სახლიდან დაიწყო. შევიწროება, თავისუფლების შეზღუდვა, ჩხუბი – ასე გავიზარდე. ძალიან, ძალიან მძიმე წლები მაქვს გამოვლილი.

7 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემის ბრძანებით ბურკა ჩამაცვეს, ტანისამოსი, რომელიც სრულად ფარავს სხეულს, თავსა და ხელებს. თვალებიც კი არ ჩანს წესიერად, არაფერი. სამი და მყავს და ოთხივეს ბურკას ჩაცმა გვაიძულეს მამაჩემმა და ჩემმა ძმებმა. შევიწროება ჩემს შემთხვევაში ყველგან გაგრძელდა: ქუჩაში, სკოლაში, სამსახურში.

16 წლის ვიყავი, როდესაც პოლიციამ დამაპატიმრა. ძალიან პატარა ვიყავი… იცით, რა იყო მიზეზი? ჩემივე ასაკის ბიჭს ველაპარაკებოდი ქუჩაში. პოლიცია რომ მოვიდა ძალიან შემეშინდა… წინასწარი დაკავების იზოლატორში წაგვიყვანეს ორივე, 3 დღე გავატარე იქ. საშინლად მექცეოდნენ, ძალიან ცუდ სიტყვებს მეძახდნენ, კრიმინალი ხარო მეუბნებოდნენ… 3 დღის შემდეგ კი სასამართლოს წინაშე წარმადგინეს და გაროზგვა მომისაჯა მოსამართლემ. იმ ბიჭსაც გაროზგვა მიუსაჯეს, ვისაც ველაპარაკებოდი. შემდეგ დროთა განმავლობაში ჩემი მეგობრების დაპატიმრების შესახებაც ვიგებდი ცნობებს.. ერთ-ერთი მათგანი დააკავეს, ასევე აბსურდული მიზეზის გამო და ციხიდან, რომ გამოვიდა, თავი მოიკლა, ვეღარ გაუძლო იმ ყველაფერს, რაც გაუკეთეს.

დედაჩემი ძალიან მეცოდება, მას ჩემზე რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი და ახლაც ასე გრძელდება. მამაჩემი სცემდა, ყველანაირად ზღუდავდა და ახლაც ზღუდავს. იცით, მამა მე და ჩემს დებს ერთმანეთთან საუბრის უფლებასაც არ გვაძლევდა. ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ, ეშინოდა, რადგან ჩვენ თუ ერთმანეთს დაველაპარაკებოდით და ტკივილს გავუზიარებდით, დავახლოვდებოდით და ერთად მამაზე ძლიერები ვიქნებოდით. ამიტომ, როდესაც ხედავდა რომ მე და ჩემი დები ერთმანეთის გვერდიგვერდ ვიდექით, გვეჩხუბებოდა და გვიკრძალავდა ერთად დგომასა და ერთმანეთთან ლაპარაკს.

ირანში ქალებს თავისუფლება და სიმშვიდე უნდათ, გვინდა თავი დაცულად ვიგრძნოთ იმ საზოგადოებაში, ვისთან ერთადაც გვიწევს ცხოვრება.

25-26 წლის ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ ამ ყველაფერს დიდხანს ვეღარ გავუძლებდი და გამოსავალზე დავიწყე ფიქრი. მივხვდი, რომ ირანის ისლამური რეჟიმი ჩვენ, ქალებს ადამიანებად არ გვთვლიდა. რასაც გვიბრძანებდნენ, ის უნდა გაგვეკეთებინა, რასაც გვეტყოდნენ, ის უნდა ჩაგვეცვა, ისე უნდა მოვქცეულიყავით… ახლაც, როცა ამაზე ვფიქრობ, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. გადავწყვიტე, რაიმე გამეკეთებინა, მაგრამ მივხვდი, რომ არაფრის არც გაკეთება და არც თქმა არ შემეძლო. იცით რატომ? იმიტომ, რომ ჩემთვის არასდროს უსწავლებიათ მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი, გამეკეთებინა ის, რაც მინდოდა. როდესაც ამას მივხვდი, თვითმკვლელობის მცდელობები მქონდა. შემდეგ კი სასწრაფოდ ირანის დატოვება გადავწყვიტე. ძალიან რთული იყო, რომ ჩამოვედი აქ, არავის ვიცნობდი, აქაურობაზე არაფერი ვიცოდი, თუმცა იცით რა დამეხმარა? ადამიანებთან საუბარი შევძელი, იმ ყველაფრის თქმა შევძელი, რაც მაწუხებდა, რასთან ერთადაც გავიზარდე და ნელ-ნელა ჩემივე თავის გაზრდა დავიწყე. ჩემი აზრის გამოთქმა რომ დავიწყე, მაინც სულ მეშინოდა, რომ პოლიცია დამაპატიმრებდა და გამროზგავდნენ, ან მომკლავდნენ… თუმცა რაც უფრო მეტს ვლაპარაკობდი, ეს შიშიც სულ უფრო და უფრო პატარა ჩანდა.

და მაშინ, როდესაც მაჰსა ამინი მოკლეს, მე უფრო აქტიურად დავიწყე იმაზე საუბარი, თუ რა ხდება ირანში. სოციალურ ქსელებში ვაქვეყნებ ინფორმაციას, საპროტესტო აქციებზე დავდივარ, ადამიანებს ვუხსნი, რა მდგომარეობაში უწევთ ქალებს ირანში ცხოვრება.

და მინდა გითხრათ, რომ ახალი თაობა ჩვენზე ძლიერია, მათ საშინლად არ მოსწონთ ის რეჟიმი, რომელიც მართავს ირანს. მჯერა, რომ ისინი შეძლებენ ამ ყველაფრის შეცვლას. ახალ თაობას რომ ვამბობ, გოგონებსაც ვგულისხმობ და ბიჭებსაც, არცერთს არ მოსწონს ქალების ჩაგვრა, ისინი გვიყურებდნენ, უყურებდნენ თავიანთ დედებსა და ბებიებს, ხედავდნენ იმას, თუ როგორ სცემდნენ და ჩაგრავდნენ მათ, და შემდეგ აიძულებდნენ ჩაეცვათ ისე, რომ არ გამოჩენილიყვნენ. ისე, თითქოს არც არსებობდნენ…” – ამბობს ფარანაკ მასუმი.

‌„ირანში რეჟიმს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები მძევლად ჰყავს აყვანილი. ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონი ხალხს არ მოსწონს, ხალხს ეს არ უნდა. მაჰსა ამინი ამის გამო მოკლეს ორი წლის წინ. ირანში ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის ქუჩაში და ამის წინააღმდეგ იბრძვის, შემდეგ ამ ადამიანებს დევნიან, აკავებენ, სცემენ, კლავენ…

პრეზიდენტი შეიცვალა, თუმცა მორალის პოლიცია ქუჩაში ისევ დადის. ეს აჩვენებს იმას, რომ მთავრობაში მყოფი ადამიანები უბრალოდ მარიონეტები არიან და მათი შეცვლით, რეჟიმი არ იცვლება. ისინი ამბობენ, რომ რელიგიას პატივი უნდა ვცეთ, თუმცა არცერთი რელიგია იმისკენ არ მოგვიწოდებს, რაც ირანში ხდება.

მაჰსა ამინი რომ მოკლეს, მე ცოტა ხნის გამოსული ვიყავი ციხიდან. საპროტესტო აქციებს შევუერთდი და მის მკვლელობას ვაპროტესტებდი. შემდეგ გავიგე, რომ ისევ აპირებდნენ ჩემს დაკავებას და ქვეყანა დავტოვე. მინდა სასარგებლო ვიყო ჩემი ერისთვის, მინდა მათი ტკივილი მოვუყვე მსოფლიოს და სწორედ ამას ვაკეთებ მას შემდეგ, რაც ირანი დავტოვე. ჩემი მეგობარი დააკავეს, რომელიც მაჰსა ამინის გამო საპროტესტო აქციებზე ჩემთან ერთად იღებდა მონაწილეობას და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოათავსეს. ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, შეიძლება არც აჩვენოთ მოსახლეობას, მაგრამ იცით რა გაუკეთეს? ბორკილებით საწოლზე დააბეს და ფსიქიატრიული დაწესებულების ყველაზე რთულ პაციენტებთან ერთად ოთახში ჩაკეტეს. ამ ამბის დასასრულს აღარ მოვყვები, მარტივი მისახვედრია, თუ რას უზამდნენ მას.

ირანიდან გამოქცეული მოქალაქეები ერთმანეთს როდესაც სხვა ქვეყნის ქუჩებში ვხვდებით, ძალიან გვიხარია, ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ვერთიანდებით იმ სისასტიკის წინააღმდეგ, რაც ჩვენს სამშობლოში ხდება.

ეს რეჟიმი უნდა დაიშალოს. ხალხი მძევლად გრძნობს თავს. ყველა ვინც მთავრობაშია და ვინც ამ რეჟიმის მომხრეა, ჩვენი მტერია, ხალხის მტერია.. და როდესაც ერთ-ერთი მათგანი კვდება, ან კლავენ, ხალხი ბედნიერია. ეს მოხდა მაშინაც, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ჩვენ ბედნიერები ვიყავით, იცით რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ქუჩაში ადამიანებს კლავდნენ, ირანის პრეზიდენტს არ ადარდებდა. არც სხვებს არ ადარდებთ. ამიტომ, როდესაც მათ კლავენ, ან თავიანთი სიკვდილით კვდებიან, ჩვენ გვიხარია.

ჩვენ ვაფასებთ დემოკრატიას და დემოკრატიულ კულტურას. პატივს ვცემთ ერთმანეთს, იმ განსხვავებებს, რომლებიც ერთმანეთისგან გამოგვარჩევს და იმედი მაქვს, შევძლებთ დემოკრატიულ სამყაროს შევუერთდეთ, ჩვენს ქვეყანაშიც დავიცვათ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

მსოფლიომ ჩვენ შესახებ მინდა იცოდეს, რომ ჩვენ არ ვართ რადიკალები. როდესაც ავღანელ ქალებს თალიბები სცემენ და კლავენ, ირანელი ხალხი ვტირით. როდესაც სხვა ქვეყანაში რაღაც ცუდი ხდება, ჩვენ ამას ძალიან განვიცდით. ირანელ ხალხს არაფერი აქვს საერთო იმ რეჟიმთან, რომელიც ამჟამად მართავს ირანს”, – ამბობს შაჰრიარ ხალასი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend