საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის სახელით მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის ინიციატივით მიმდინარე „მომავლის სამიტში”.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა ინტერაქციულ დიალოგში გლობალური მმართველობითი ინსტიტუტების გაუმჯობესებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე.
უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე. მან ასევე ისაუბრა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებთან და ასევე ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება.
„მომავლის სამიტი“ გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის ეგიდით იმართება. სამიტს წინ უძღოდა ანტონიო გუტიერეშის 2021 წლის ანგარიში „ჩვენი საერთო დღის წესრიგი“ , სადაც გენერალურმა მდივანმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავებისა და გლობალური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, წევრ სახელმწიფოებს „მომავლის სამიტის“ ჩატარებისკენ მოუწოდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მიმართავს.