„დღევანდელი სამყარო არც ერთი ბრძოლის წაგების საშუალებას არ იძლევა, როცა ერთ მხარეს თავისუფლებაა, მეორე მხარეს კი ის, რასაც არასდროს ვუსურვებთ ჩვენს შვილებს“ – ამ გზავნილითა და „გამარჯვების გეგმით“ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა.
გრძელვადიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი არაერთი შეხვედრა სხვადასხვა რანგის ლიდერთან, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის შესახებ საუბარი და კრემლის იერიშების მოსაგერიებლად კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.
During my visit to the Scranton Army Ammunition Plant, where components for artillery and mortar shells are produced, including 155 mm shells for Ukraine, I emphasized the dedication of the workers, which is truly inspiring—they are helping Ukraine stand strong in our fight for… pic.twitter.com/rs0vLZRlVU
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 23, 2024
უკრაინის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სწორედ მათ მიერ გაწერილი „რუსეთზე გამარჯვების გეგმა“ ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. 26 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს შეხვდება და გეგმას დეტალურად გააცნობს. მოგვიანებით, კი ამავე მიზნით ბაიდენის შესაძლო მემკვიდრეებს – კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შეხვდება.
უკრაინის „გამარჯვების გეგმაზე“ ოფიციალურ დონეზე ბევრი არაფერია ცნობილი. ვრცელდება მხოლოდ რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დებულება, რომელსაც კიევი მეტწილად სპეკულაციას უწოდებს.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი გეგმა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეა შემუშავებული და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო და დიპლომატიურ მიმართულებებს მოიცავს, ხოლო მისი მთავარი პუნქტი უსაფრთხოების გარანტიებია. ცნობილი ხდება ისიც, რომ გამარჯვების მისაღწევად, კიევი არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის არც ერთ მიმართულებაზე, არც ტერიტორიის რაიმე მონაკვეთის დათმობას და არც მოსკოვთან მოლაპარაკებებს კონფლიქტის გაყინვის შესახებ.
ამ განმარტების გაკეთება კიევში, არაერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციის შემდეგ მოუწიათ. უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო მმართველობების შეფასებით, ამ ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ის არა უსაფრთხოებისკენ, არამედ დათმობისკენ იქნება გადადგმული.
„გამარჯვების გეგმაში“ უკრაინის მთავრობა ხაზს უსვამს ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის გაზრდისა და დასავლეთისგან შორი მოქმედების შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის აუცილებლობას. ამ მხრივ, 19 სექტემბერს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ბრიუსელში. ევროპარლამენტმა 425 ხმით 131-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსული ტერიტორიის სიღრმეებში არსებულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელებას გულისხმობს.
კიევში რამდენიმე თვეა, პოზიციას არ იცვლიან და მიიჩნევენ, რომ ამგვარი ნაბიჯი ერთადერთი გზაა „სამართლიანი მშვიდობის“ მისაღწევად. საპირისპიროდ ფიქრობენ მოსკოვში, საიდანაც არ წყდება მუქარისშემცველი განცხადებები როგორც კიევის, ისე დასავლეთის მისამართით. კრემლი უარს აცხადებს „უკრაინის სამშვიდობო კონფერენციაში“ მონაწილეობაზეც, თუმცა მზადაა, გაეცნოს „გამარჯვების გეგმას“ თუკი მისი დეტალები ოფიციალურად, საჯაროდ გამოქვეყნდება.
თეთრი სახლის ადმინისტრაციისა და რესპუბლიკელებისა თუ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის წარდგენის გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკი „გამარჯვების გეგმას“ საერთაშორისო ლიდერებსაც გააცნობს. უკრაინის ლიდერი ხაზს უსვამს დროის ფაქტორსაც. მისი შეფასებით, მომდევნო რამდენიმე თვე ომში იქნება გადამწყვეტი, გეგმით გათვალისწინებული პუნქტები წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს, ხოლო მათი შესრულება დასავლელ პარტნიორებზეა დამოკიდებული.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. გასული წლების მსგავსად ის ახლაც, საერთაშორისო თანამეგობრობას რუსული აგრესიის დაგმობისა და მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდებს.