მთავარიMagazinesდიდი წარმოება და კორპორაციული მდგრადობა

დიდი წარმოება და კორპორაციული მდგრადობა

ბოლნისის რაიონის ერთ სოფელში თითქოს ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც სხვა პატარა სოფელში – ტყით დაფარული მთებით გარშემორტყმულ სოფელში, სადაც უცხოა ლაპარაკი ეკოლოგიურ პრობლემებზე… მაგრამ სოფელ ბალიჭში ყველაფერი ისე არ არის როგორც, სხვა რეგიონების პატარა სოფლებში – ეს დაბა კაზრეთია. აქ სამთო მოპოვება თითქმის ნახევარი საუკუნის წინ დაიწყო და მას შემდეგ და ვინ მოთვლის, რამდენი წელია აქაურების მთავარი სადარდებელი გარემოს დაბინძურება იყო. აქ ყველასთვის პირველი საფიქრალი ის არის, როგორ ჰაერს სუნთქავენ, როგორ წყალს სვამენ ან საერთოდ, უსაფრთხოა თუ არა ის მოსავალი, რომელსაც საკუთარ მიწაზე მოიყვანენ.

ადგილობრივების ეს შიში სულაც არ იყო უსაფუძვლო – დასახლებული პუნქტიდან სულ რამდენიმე კილომეტრში 70-იანი წლებიდან დაიწყო სამთო მოპოვება. სწორედ აქ გაიხსნა საქართველოში ფერადი ლითონების წარმოების პირველი ობიექტი. შემდეგ აშენდა სამთოგამამდიდრებელი მადნეულის კომბინატი და გაჩნდა სამრეწველო დასახლება დაბა კაზრეთი. სპილენძის, ბარიტის, ოქრო-ვერცხლის შემცველი კვარციტების მოპოვებამ და მადნების გადამუშავებამ წლების განმავლობაში აქაურობაზე თავისი კვალი დატოვა.

სწორედ ამ სურათმა განსაზღვრა ბალიჭის ერთ-ერთი მკვიდრის, გურანდა ავქოფაშვილის პროფესია. ეკოლოგი გახდა და მშობლიურ მხარეში ბევრი სამუშაოც გასწია. წლების განმავლობაში იკვლევდა, როგორი იყო ამ ქანების დაბინძურების მაჩვენებლები, რომელი მძიმე მეტალების შემცველობა იყო ყველაზე მასშტაბური და როგორ უნდა დაებრუნებინა ამ გადათხრილი მთებისთვის სიცოცხლე. რამდენიმე წლის წინ მას კომპანია RMG-მ თანამშრომლობა შესთავაზა და აქედან დაიწყო მარსის მსგავს ზედაპირზე ბუნების გაცოცხლება. სამთო მოპოვების შედეგად შექმნილ ამ ფუჭი ქანების სანაყაროებს სწორედ მარსის ზედაპირს ადარებდნენ სპეციალისტები ჯერ კიდევ 2018 წელს. ადგილს, სადაც ბუნებისა და ცოცხალი ორგანიზმების ადგილი აღარ იყო.

არავინ იცის რამდენი ძალისხმევა დაიხარჯა იმაში, რომ კარიერის ტერიტორიაზე მწერებს ეცოცხლათ. უკვე გამოყენებული, ფუჭი ქანების სანაყაროები, რომლებიც უამრავი ნივთიერებითა და მძიმე მეტალით იყო გაჯერებული, ჯერ ტერასებად დაყოფილიყო, შემდეგ ჰუმუსური ფენა შეეცვალათ, რვა სახეობის ბალახი დაეთესათ, ხემცენარეები დაერგოთ. არავის სჯეროდა, მაგრამ უსიცოცხლო მთებზე მართლა იხარა მუხამ, ნეკერჩხალმა, ძეძვმა, აკაციამ.

სამთო მოპოვების შედეგად წარმოქმნილი ფუჭი ქანების სანაყაროების ფართობი დაახლოებით 2500 ჰექტარია. ამ დროისთვის მისი ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილია გამწვანებული, თუმცა RMG-ში ამბობენ, რომ საბოლოო მიზანი ამ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების სრულად აღდგენა და მისი ტყის მასივთან შეერთებაა. იმისთვის, რომ წლებთან ერთად ეს ნიადაგი ნელ-ნელა გათავისუფლდეს მძიმე მეტალებისგან, დიდი ძალისხმევაა საჭირო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყოველი ნალექის დროს ეს მეტალები სულფიდურ ქანებთან შედის რეაქციაში და წარმოიქმნება მჟავე კარიერული წყლები. ეს კი აბინძურებს როგორც ზედაპირულ, ისე მიწისქვეშა წყლებს. დარგის ექსპერტების შეფასებით, სწორედ ამ კარიერების გამწვანებაა მნიშვნელოვანი, რადგან ბუნებრივი საფარი შეაკავებს დაბინძურებული წყლების გაჟონვას, რაც უმნიშვნელოვანესია.

იმისთვის, რომ ფუჭი ქანების სანაყაროების გამწვანება მოხდეს, სამთო მომპოვებელი კომპანიის ტერიტორიაზე 2018 წლიდან სანერგე მეურნეობა გააშენეს. კომპანია RMG-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ მეურნეობაში უკვე 22 ათასი ერთეული სხვადასხვა ჯიშის ხეა გამოყვანილი, მათ შორის წიწვოვანი ჯიშის ნერგები. თითოეული მათგანი ამ გარემოსთვის სპეციალურად შეირჩა. სწორედ აქ ზრდიან იმ მცენარეებს, რომლებმაც უსიცოცხლო სანაყაროები დროთა განმავლობაში ბუნებას უნდა დაუბრუნოს.

RMG-მ სამთო მომპოვებელი საქმიანობა კაზრეთში 2012 წელს დაიწყო და როგორც თავად კომპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდათ. RMG-ის წარმომადგენლები ჰყვებიან, რომ სრულად იყო მწყობრიდან გამოსული ის ინფრასტრუქტურა, რომელიც სწორედ გარემოს დასაცავად გამოიყენებოდა. როგორც ჰყვებიან, იმ დანადგარების გამოყენებაც შეუძლებელი იყო, რაც უმნიშვნელოვანესია, როგორც გარემოს დაცვისთვის, ისე შრომის უსაფრთხოებისთვის. გადაწყვეტილების მიღების დრო იყო. გადაწყვეტილება დიდ ფინანსურ რესურსს, გამოცდილებასა და ცოდნას მოითხოვდა, თუმცა შედეგი ბევრად მნიშვნელოვანი იყო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან აქ ადამიანების ბედი წყდებოდა.

ნიადაგის გარდა სამთო მოპოვების შედეგად, მძიმე სურათია წყლის ხარისხის თვალსაზრისითაც. ეს ნათლად ჩანდა ყოველგვარი კვლევის გარეშე მდინარე კაზრეთულასა თუ მაშავერას შეუიარაღებელი თვალით ნახვისასაც. მდინარეების არაბუნებრივი, მუქი შეფერილობა იქ ჩამდინარე კარიერული წყლებით იყო განპირობებული. 2015-2016 წლებში საწარმოო ზონაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, 100-მდე დარღვევა გამოვლინდა, მათი უმრავლესობა კი სწორედ წყლის დაბინძურებას ეხებოდა. ამის შემდეგ კომპანია RMG-მ შეიძინა და მოაწყო წყალდაცვითი ინფრასტრუქტურა.

ეს ერთ-ერთი ობიექტია, სადაც ორი ერთმანეთთან დაკავშირებული მოწყობილობაა. ერთი უზრუნველყოფს ჩაკეტილ ტექნოლოგიურ ციკლში წყლის მიმოქცევას. სწორედ წყლის ჩაკეტილ ტექნოლოგიურ ციკლში მოქცევა ამცირებს მდინარეების დაბინძურების რისკს. იმ შემთხვევაში თუ აქ წყლის უხვი შემოდინებაა, ირთვება მეორე მოწყობილობა, რომელიც ქიმიური გამწმენდი ნაგებობაა. სწორედ ამ გზით გაწმენდილი წყალი ჩაედინება მდინარეში და იცავს მას დაბინძურებისგან. ამ მოწყობილობების ანალოგი საქართველოში მანამდე არ არსებობდა. ქვეყნისთვის პირველი უმნიშვნელოვანესი სისტემის ექსპლუატაციაში გაშვება 3 წელს გაგრძელდა და 2022 წელს დასრულდა.

იმის დასადგენად, თუ როგორ მუშაობს წყლის გამწმენდი ნაგებობები და რამდენად სუფთა წყალი ჩაედინება მდინარეებში, სინჯებს ყოველდღიურად იღებენ დაახლოებით 16 საკვანძო წერტილზე, სადაც მდინარის დაბინძურების რისკი შედარებით მაღალია. თვეში დაახლოებით 160 სინჯი იგზავნება კომპანია RMG-ის გარემოსდაცვით ლაბორატორიაში, რამდენიმე ათეული სინჯი კი წყლის ხარისხის დასადგენად უცხოეთში მიდის. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ღონისძიებებმა უკვე მოიტანა უმნიშვნელოვანესი შედეგები.

გარდა წყლისა და ნიადაგის ხარისხის გაუმჯობესებისა კომპანია RMG-ში აცხადებენ, რომ მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი ჰაერის სისუფთავის დაცვაა. ამას მტვრის გაფრქვევის შემცირების ღონისძიებებითა და დახურულ სივრცეებში აირმტვრისდამჭერი მოწყობილობების საშუალებებით აკეთებენ. ამისთვის კომპანიის ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია შესაბამისი დანადგარები.

გარემოზე ზიანის შემცირების გარდა კომპანია RMG-ში ამბობენ, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი შრომის უსაფრთხოება და დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვაა. ამის უზრუნველსაყოფად კომპანიის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობს სპეციალური სამსახური, რომელიც დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებას მუდმივად ამოწმებენ.

ჯანმრთელობა და შრომის უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, ეკონომიკური მდგრადობა – კომპანია RMG-ში ამბობენ, რომ სწორედ ეს პრინციპები გახდის მათ ბიზნესს უფრო პასუხისმგებლობიანს, რომ სწორედ ამ პრინციპების დაცვით მიიღწევა ბუნებრივი რესურსების კეთილსინდისიერად და რაციონალურად მოპოვება, მხოლოდ მდგრადობაა პასუხისმგებლობიანი ბიზნესის მომავალი… რომ არაფერი ღირს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ფასად. სწორედ ამ პრინციპებით შეიქმნა 2024 წელს კომპანია RMG-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას სახელმძღვანელო დოკუმენტი, კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტი, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელი გახდა თითოეული თანამშრომლისთვის.

დიდი გეგმები და მიზნები აქვს RMG-ის. მაგალითად, ათასობით ჰექტარი გამოყენებული და დაბინძურებული ქანებისთვის სიცოცხლის დაბრუნება, ან ამ უძირო კარიერების ახლოს მცხოვრებთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა… ისეთი გარემოსი, როგორსაც აქაურები წლებია ითხოვენ – იმას, რომ მაშავერა და კაზრეთულა აღარასოდეს იყოს მუქი და ამღვრეული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend