მთავარიამერიკააშშაშშ-ში ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის (QUAD) სამიტი გაიმართა

აშშ-ში ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის (QUAD) სამიტი გაიმართა

21 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის მშობლიურ ქალაქ ვილმინგტონში ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის სამიტი გამართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ იაპონიის, ავსტრალიისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრები, რომლებიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც გამოვლენ სიტყვით. აქამდე QUAD-ის სამიტები მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართებოდა, თუმცა ბაიდენმა, რომელიც ცდილობს ინდო-წყნარ ოკეანეში ჩინური საფრთხის დაბალანსებას, ორგანიზაციას ახალი მნიშვნელობა შესძინა. შეხვედრის დროს ლიდერებმა განიხილეს საზღვაო უსაფრთხოების საკითხები, აგრეთვე, თანამშრომლობის შესაძლებლობები ინდოეთისა და წყნარი ოკეანის სანაპირო დაცვის მიმართულებით. წევრი ქვეყნები გეგმავენ ჰუმანიტარულ მისიებზე რეაგირების საკითხებში გაუმჯობესებულ პარტნიორობას. ყველა ამ ზომის მიღება ითვალისწინებს ჩინეთის მზარდი სამხედრო და ეკონომიკური ძალის დაბალანსებას.

„მოგესალმებით. ჩვენ წარმოვადგენთ დემოკრატიულ ქვეყნებს, რომლებმაც იციან საქმის კეთება. სწორედ ამიტომ, ჩემი პრეზიდენტობის პირველივე დღეებში თითოეულ თქვენგანს დავუკავშირდი, რათა QUAD უფრო მნიშვნელოვანი და თანმიმდევრული გამხდარიყო. ოთხი წლის შემდეგ ჩვენს ოთხ სახელმწიფოს აქვს ისეთი დონის სტრატეგიული თანამშრომლობა, როგორიც არასდროს ჰქონია. დღეს ჩვენ ვაანონსებთ ინიციატივების ახალ ტალღას, რომელსაც ინდო-წყნარ ოკეანის რეგიონზე დადებითი გავლენა ექნება. ეს მოიცავს ჩვენი პარტნიორების ახალი საზღვაო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას, რათა მათ იცოდნენ, რა ხდება მათ წყლებში. თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება სანაპირო დაცვის საკითხებშიც. QUAD-ის წევრი ქვეყნის სტუდენტებისთვის გაიზრდება სტიპენდიების მიღების შესაძლებლობებიც“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 21 სექტემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Mark Schiefelbein

განცხადებები გააკეთეს ინდოეთის, ავსტრალიისა და იაპონიის ლიდერებმაც. მათ ისაუბრეს რეგიონის სტაბილურობისა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის უზრუნველყოფის აუცილებლობის მნიშვნელობაზე.

„მეგობრებო, ჩვენ შევიკრიბეთ იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო მოიცვა კონფლიქტებმა და დაძაბულობებმა. ასეთ დროს მთელი კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანია საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით წინსვლა. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ. ყოველი ჩვენგანი მხარს უჭერს საერთაშორისო წესრიგს, პატივს სცემს ამ წესრიგის ყოველი წევრის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დავების მშვიდობიან გადაწყვეტას. თავისუფალი, განვითარებული ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი ჩვენი საერთო მიზანი და ვალდებულებაა“, – ამბობს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი.

„ჩვენ წარმოვადგენთ ყველაზე სწრაფად განვითარებად რეგიონს კაცობრიობის ისტორიაში, რეგიონს უდიდესი შესაძლებლობებით, თუმცა გამოწვევებითაც. QUAD-ის დახმარებით ოთხი სახელმწიფო ვახერხებთ თანამშრომლობასა და თანმიმდევრულობას იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც ჩვენი საზოგადოება და მთელი რეგიონი დგას. QUAD-ის დახმარებით ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთარსებულ მნიშვნელოვან რესურსებსა და გამოცდილებას რეგიონში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენ ვმუშაობთ და მივისწრაფვით იმისკენ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და სტაბილურობა იყოს მნიშვნელოვანი ისევე, როგორც რეგიონის საერთო კეთილდღეობა“, – აცხადებს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანესი.

„ჩემ მშობლიურ ქალაქ ჰიროშიმაში ჩატარებული სამიტის შემდეგ ეს შეხვედრა ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემ უკანასკნელ საგარეო ვიზიტს ყველაზე უფრო მეტად შეეფერება. ჩვენ გარშემო უსაფრთხოების საკითხი ძალიან აქტუალურია, ხოლო საერთაშორისო წესრიგი საფრთხის წინაშეა. ამ ვითარებაში ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია QUAD, რომელიც ავრცელებს დემოკრატიასა და თავისუფლებას და რომლითაც ჩვენ ვავლენთ მტკიცე ვალდებულებას, შევქმნათ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ღია და თავისუფალი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი“, – ამბობს ფუმიო კიშიდა, იაპონიის პრემიერ-მინისტრი.

QUAD 2007 წელს შეიქმნა და მისი წევრები აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი არიან. ორგანიზაციის მიზანი ჩინეთის მზარდი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის დაბალანსება და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend