მთავარიმსოფლიოNATO„ყველა მზად უნდა იყოს მშვიდობისთვის დიდი ფასის გადასახდელად”- იენს სტოლტენბერგის გამოსამშვიდობებელი სიტყვა

„ყველა მზად უნდა იყოს მშვიდობისთვის დიდი ფასის გადასახდელად”- იენს სტოლტენბერგის გამოსამშვიდობებელი სიტყვა

ნატოს მალე ახალი გენერალური მდივანი ეყოლება – მარკ რუტე. ის ზუსტად 2 ოქტომბერს შეცვლის იენს სტოლტენბერგს. ჯერ კიდევ მოქმედმა გენერალურმა მდივანმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა მარშალის ფონდის ღონისძიებაზე და ისაუბრა იმ გამოწვევებსა თუ მიღწევებზე, რაც მისი მეთაურობის დროს ჰქონდა სამხედრო ალიანსს. მან განაცხადა, რომ ნატოს ამჟამინდელი მიზანი წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი გაიღონ, საკმარისი არ არის, რადგან „მშვიდობისთვის დიდი ფასის გადასახდელად“ ყველა მზად უნდა იყოს. სიტყვით გამოსვლისას იენს სტოლტენბერგმა დაასახელა ხუთი ნაბიჯი, რომლებიც მისი თქმით, საკვანძოა მომავალში ნატოს წარმატებისთვის.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოსამშვიდობებელი სიტყვით გერმანიაში წარდგა, იმ ქვეყანაში, სადაც ათი წლის წინ სულ პირველი გამოსვლა ჰქონდა, ნატოს გენერალური მდივნის სტატუსით. იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა იმ 5 ნაბიჯზე, რომლებიც მისი თქმით, საკვანძოა მომავალში ნატოს წარმატებისთვის. „მეტი ფული ნიშნავს უფრო ძლიერ თავდაცვას, უფრო ეფექტიან შეკავებას და უფრო დიდ უსაფრთხოებასო“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა და სწორედ ეს იყო ამ 5 საკვანძო ნაბიჯიდან პირველი.

„თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისუფალი ვაჭრობა. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ბევრ მოკავშირეს სჯეროდა, რომ რუსეთისგან გაზის შეძენა წმინდა ვაჭრობის საკითხი იყო, რაც მცდარი გახლდათ, რადგან რუსეთი ბუნებრივ აირს იარაღად იყენებს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა ჩინეთთან. ჩინეთის იშვიათ მინერალებზე დამოკიდებულება, მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტი და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე უცხოური კონტროლის დაშვება ასუსტებს ნატოს მედეგობასა და რისკებს ქმნის. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ჩინეთთან ურთიერთობას, თუმცა არ უნდა გავცვალოთ მოკლევადიანი ეკონომიკური ინტერესები უსაფრთხოების გრძელვადიან საჭიროებებზე”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სამხედრო ძალა არის დიალოგის წინაპირობა და სამხედრო ძალას აქვს თავისი საზღვრები – სწორედ ეს არის იენს სტოლტენბერგის მესამე და მეოთხე გზავნილი. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, პარადოქსულია, თუმცა რაც უფრო მეტ იარაღს მიაწვდის ნატო უკრაინას, მით უფრო დიდი ალბათობაა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი მალე დასრულდება.

„ჩვენ ყველას გვინდა ამ ომის დასრულება. ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა არის მისი წაგება, თუმცა ეს არ მოიტანს მშვიდობას, ეს მოიტანს რუსულ ოკუპაციას. მე არ მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია პუტინის ცნობიერება შევცვალოთ, თუმცა მწამს, რომ შეგვიძლია, შევცვალოთ მისი გათვლები. უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებით ჩვენ შეგვიძლია, გავაცნობიერებინოთ პუტინს, რომ ის ვერ მიაღწევს სასურველს ძალით და მას ეს იმდენად ძვირი დაუჯდება, რომ მოუწევს უკრაინის, როგორც სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს მიღება. ხოლო რაც შეეხება მეოთხე ნაბიჯს ნატოს მომავალი წარმატებისთვის არის ის, რომ სამხედრო ძალას აქვს საკუთარი ლიმიტი. ავღანეთის მისია გაგრძელდა ზედმეტად დიდხანს. როდესაც მე 2014 წელს ნატოში მოვედი, ჩვენი გეგმა იყო სამხედრო მისიის რამდენიმე წელიწადში დასრულება და პოლიტიკურ პარტნიორობაზე გადასვლა. თუმცა შვიდი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ იქ ვიყავით წარმოდგენილი ათასობით ჯარისკაცით. ასე რომ, ნასწავლი გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ ნატოს ტერიტორიის გარეთ ნებისმიერი სამომავლო სამხედრო ოპერაციის მიზანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და უნდა ვიყოთ გულწრფელი, რისი მიღწევა შეგვიძლია და რისი – ვერა”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

და ბოლოს, იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა ამერიკისა და ევროპის კავშირის მნიშვნელობას. მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ნატო როგორც ინსტიტუტი ძალიან გაძლიერდა, ბიუჯეტი კი გაორმაგდა. ამასთან გაიზარდა ალიანსის წევრების რაოდენობაც და მას შეუერთდნენ მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ფინეთი და შვედეთი. იენს სტოლტენბერგის თქმით, ახლა უკრაინა ნატოსთან ისე ახლოს არის, როგორც არასდროს.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend